პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა „ფაშიზმზე გამარჯვების დღის“ თარიღის შეცვლის შესახებ თეონა აქუბარდიას კანონპროექტს
პარლამენტმა „საქართველოს შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილება პირველი მოსმენით განიხილა და კანონპროექტს 20 ხმით 4-ის წინააღმდეგ მხარი არ დაუჭირა. ცვლილების თანახმად, უქმე დღეთა ჩამონათვალში „ფაშიზმზე გამარჯვების დღედ“, ნაცვლად 9 მაისისა, უნდა მითითებულიყო 8 მაისი. შესაბამისად, 8 მაისი გამოცხადდებოდა უქმე დღედ.
მომხსენებლის, „რეფორმების ჯგუფის“ წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, ცვლილების მიზანია საქართველოში „ფაშიზმზე გამარჯვების დღე“ აღინიშნოს ცივილიზებულ დასავლეთთან ერთად, 8 მაისს და არა ოკუპანტ სახელმწიფოსთან, რომელიც აგრძელებს ომს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უკრაინის წინააღმდეგ და იტაცებს სუვერენიტეტს.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პროექტის მიზანია საზოგადოების გახლეჩა.
„მე არ მგონია, რომ ეს იყოს უწყინარი პროექტი. რაც არ უნდა 8 მაისი კანონით შემოიღოთ, ვეტერანები მაინც 9 მაისს აღნიშნავენ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს. ყველგან ცდილობთ საზოგადოების გახლეჩას და დაყოფას, ისე როგორც 7-8 აგვისტოს შემთხვევაში და 25 დეკემბერს შობის გადმოტანის მცდელობით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.