პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა შსს-ს მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვის ვალდებულებას ითვალისწინებს
საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების პაკეტს, რომელიც სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვის ვალდებულებას ითვალისწინებს.
ცვლილებებს 81-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
როგორც საკანონმდებლო ცვლილებათა ავტორები განმარტავენ, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიზანს წარმოადგენს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
ცვლილებების თანახმად, პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე პერიოდში საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ ზონებში/გზის მონაკვეთებზე გადაადგილებისას სავალდებულო იქნება სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა. ამასთან, განსაკუთრებულ შემთხვევაში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, შესაძლოა, დადგინდეს ზემოაღნიშნული პერიოდისგან განსხვავებული დროის მონაკვეთი ან დაწესდეს დამატებითი მოთხოვნა, სატრანსპორტო საშუალების, ზამთრის საბურავებთან ერთად, მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით აღჭურვის შესახებ. ზემოაღნიშნულ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში პირს დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. სანქციად წესდება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების ხუთი ქულით შემცირება. ზამთრის საბურავების ტექნიკური მახასიათებლები საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება.