პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო ცვლილებები, რომელიც მომდევო მოწვევის პარლამენტის წევრების შრომის ანაზღაურების ზრდას ითვალისწინებს
საქართველოს პარლამენტმა პარლამენტის რეგლამენტში ცვლილება მეორე მოსმენით – 83 ხმით მიიღო.
რეგლამენტის პროექტის მიხედვით, 2025 წლის პირველი იანვრიდან იცვლება პარლამენტის წევრთა შრომის ანაზღაურების ოდენობა. კერძოდ: იზრდება გასამრჯელო პარლამენტის წევრებისთვის, მათ შორის, იმ პარლამენტის წევრებისთვის, რომლებიც იკავებენ საპარლამენტო თანამდებობებს. ასევე, იცვლება დახმარების ოდენობა პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას ან მისი, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად აღიარებისას.
რეგლამენტის ცვლილება დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გააცნო. მისი განმარტებით, პროექტის პირველი მოსმენისას პირველი მუხლი შესწორდა და აბსოლუტური თანხები ჩანაცვლდა კოეფიციენტებით, როგორც ეს კანონმდებლობით არის განსაზღვრული.
ცვლილებების თანახმად, პარლამენტის წევრებისთვის განსაზღვრული სახელფასო კოეფიციენტები იწყება 8-ით და მთავრდება 10-ით, შესაბამის თანამდებობებზე გადანაწილებით.
შემდგომში ანაზღაურება დადგინდება მისი ნამრავლით საბაზო თანამდებობრივ სარგოზე, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით დგინდება ყოველწლიურად.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.