პარლამენტმა მეორე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებში ელექტრონული სამაჯურების შემოღებას ითვალისწინებს
პარლამენტმა მეორე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებში ელექტრონული სამაჯურების შემოღებას ითვალისწინებს

პარლამენტმა 77  ხმით მეორე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებში ელექტრონული სამაჯურების შემოღებას უკავშირდება.

კანონპროექტი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და პაკეტის თანმდევი პროექტები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილმა წარადგინა.

მისი თქმით, ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა შინაგან საქმეთა სამინიტსროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება.

„იმისთვის, რომ რეალურად გავზარდოთ ეფექტიანობა, ერთი მხრივ რეაგირება ქალთა მიმართ ძალადობაზე, ოჯახში ძალადობაზე და მეორე მხრივ უფრო მეტი დაცვის გარანტიები შევქმნათ მოძალადისგან მსხვერპლის დაცვის მიზნით, ინერგება შემაკავებელი ორდერის აღსრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთი ფორმა ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების გზით.

ეს იმას გულისხმობს, რომ როდესაც იარსებებს  ძალადობის განმეორების რეალური საფრთხე, შესაძლოა,  ელექტრონული ზედამხედველობის გზით განხორციელდეს შემაკავებელი ორდერის ერთ-ერთი ღონისძიება – მიახლოების აკრძალვა. აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის განმეორებით თავიდან აცილებას და მსხვერპლთა უფრო მეტად დაცვას“,- განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.

ნინო ცაციაშვილმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე სამინისტროს აქვს ასი ერთეული ელექტრონული აპარატი, რომელიც გაერო-ს ქალთა ფონდის მხარდაჭერით იქნა შეძენილი.

ამასთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საკითხის განხილვისას განაცხადა, რომ აღნიშნულ ინიციატივას პარლამენტის მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს.

„მეც მინდა, დადებითი შეფასება მივცე თქვენს თანამშრომლობას კომიტეტებთან. განსაკუთრებით სენსიტიური თემაა და, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ძალისხმევა უნდა გაგრძელდეს. პარლამენტის მხრიდან თქვენს ინიციატივას მხარდაჭერა აქვს“,- აღნიშა არჩილ თალაკვაძემ.