პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა. ცვლილებებს 84 დეპუტატმა მისცა ხმა, სამი კი წინააღმდეგ წავიდა.
ცვლილებების თანახმად, კანონის ახალი მუხლით განისაზღვრება იმ პირთა უფლება, რომელთა ინტერესები, რეპუტაცია და სახელი სატელევიზიო გადაცემაში არასწორი ფაქტების გადაცემით დაზიანდა. ცვლილებების გათვალისწინებით, პასუხის უფლება იმ პირს ენიჭება, ვისი კანონიერი უფლებაც მაუწყებლის პროგრამაში არასწორი ფაქტების გადაცემით შეილახა.
კერძოდ, პროექტით, დაინტერესებული პირი უფლებამოსილი იქნება, მოსთხოვოს შესაბამის მაუწყებელს საწყის განცხადებაში მოცემული მცდარი ფაქტის თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით შესწორება ან უარყოფა. მცდარი ფაქტის თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით შესწორებაზე ან უარყოფაზე მაუწყებლის უარი შეიძლება, კომისიაში ან სასამართლოში გასაჩივრდეს.
ამავდროულად, გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურება და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურება ავტორიზაციას დაექვემდებარება. კანონპროექტის მიხედვით, აღნიშნული სუბიექტების მიერ ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა, ასევე მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობის დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას 5 000-ლარიანი ჯარიმის დაკისრების სახით.
ცვლილებების გათვალისწინებით, ქართულ კანონმდებლობაში „მედია მომსახურებების“ ცნება შემოდის, რომელიც აუდიოვიზუალურ მედია მომსახურებებს და რადიომაუწყებლობას მოიცავს. თავის მხრივ, აუდიოვიზუალური მედიამომსახურების სახეებს მიეკუთვნება ტელემაუწყებლობა, გამოძახებით აუდიოვიზუალური მედია მომსახურება და აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია.
გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურება კანონპროექტით გათვალისწინებული ახალი აუდიოვიზუალური მომსახურების სახეა და გულისხმობს მომხმარებლისთვის შეთავაზებულ მომსახურებას, აირჩიოს და უყუროს პროგრამებს მისი ინდივიდუალური მოთხოვნისამებრ და მის მიერ არჩეული დროის მონაკვეთში, გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის მიერ შერჩეული პროგრამების კატალოგის საფუძველზე.
კანონპროექტით კონკრეტდება, რომ გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურება ტელემაუწყებლობის მსგავსად, სავალდებულო ავტორიზაციას დაექვემდებარება. კერძოდ, ცვლილებებით, გამოძახებით აუდიოვიზუალური მედია მომსახურების მიწოდების მსურველი პირი ვალდებული იქნება, ავტორიზაცია კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში გაიაროს. პროექტით, გამოძახებით აუდიოვიზუალური მედია მომსახურების მიწოდების მიმართ შემდეგი რეგულაციები დგინდება – პროგრამული შეზღუდვები, არასრულწლოვნების დასაცავი ღონისძიებების შემოღების ვალდებულებები, კომერციული აუდიოვიზუალური კომუნიკაციის სტანდარტები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დამცავი წესები, კატალოგში ევროპული პროდუქციისთვის შესაბამისი წილის დათმობის ვალდებულება და ა.შ.
პროექტის გათვალისწინებით, კიდევ ერთი ახალი მომსახურების სახეა ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურება. პროექტით, ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურება არის ისეთი მომსახურება, რომლის ან რომლის განუყოფელი ნაწილის ძირითად მიზანი ან არსებითი ფუნქციონალია პროგრამების ან/და მომხმარებლის გენერირებული ვიდეორგოლების ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების მეშვეობით ფართო საზოგადოებისთვის მიწოდება, მისი ინფორმირების, გართობის ან განათლების მიზნით და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის სარედაქციო პასუხისმგებლობის გარეშე.
ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების ორგანიზება, კერძოდ, ჩვენება, მონიშვნა და მიმდევრობა განისაზღვრება მისი მიმწოდებლის მიერ, მათ შორის ავტომატური საშუალებებით ან ალგორითმებით.
კანონპროექტით განისაზღვრება, რომ ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების მიწოდებამდე კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ავტორიზაცია გაიაროს.
ავტორიზაციის საფუძველი იქნება ავტორიზაციის მაძიებლის განაცხადი, რომელიც უნდა შეიცავდეს ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიწოდების მსურველი სუბიექტისა და განსახორციელებელი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას.
ინიციატივით, ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელი ვალდებული იქნება, გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, რათა თავიდან აიცილოს მისი პლატფორმის მეშვეობით ისეთი ვიდეორგოლების, პროგრამების და აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაციის გავრცელება, რომელიც არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელია, სიძულვილის ენას განეკუთვნება ან რომლის გავრცელება დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.