პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო
პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო

საქართველოს პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით, 79 მომხრე ხმით მიიღო. წინააღმდეგ ხმა ოთხმა დეპუტატმა მისცა.

კანონპროექტის ძირითად არსსა და მის პრინციპებზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა ისაუბრა. მისი განცხადებით, კანონპროექტი მიზნად ისახავს მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის დახვეწას, სიძულვილის ენის, ტერორიზმისკენ მოწოდების, სიძულვილის ენის შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელების აღკვეთას და ეფექტური მექანიზმის შექმნას.

„2022 წლის დეკემბერში ევროკომისიამ გამოაგზავნა წერილი, რომელშიც ასახული იყო, თუ რა კუთხით უნდა მომხდარიყო კანონმდებლობის ცვლილება იმისთვის, რომ საქართველოს პროგრამის „შემოქმედებითი ევროპის“ მედიის ნაწილში მონაწილეობა გაეგრძელებინა. ანალოგიური ვალდებულება ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 რეკომენდაციიდანაც გამომდინარეობდა, რომელთა შესრულებაზეც დამოკიდებულია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილების მიღებით, ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების მე-7 პუნქტის შესრულება მოხდება.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილება პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება.