პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო
საქართველოს პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით, 80 ხმით მიიღო.
როგორც ცვლილებების ავტორები აღნიშნავენ, კანონპროექტით სწორდება „მაუწყებლის შესახებ“ კანონში არსებული ტექნიკური უზუსტობები და ევროპული სტანდარტების შესაბამისად ზუსტდება შემდეგი დეფინიციები: მედიამომსახურება, ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურება, სარედაქციო პასუხისმგებლობა.
წესრიგდება სფეროს მარეგულირებელი ორგანოს – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული სხდომის დახურვის საკითხები. კომისიის წლიურ ანგარიშში აისახება მომავალი წლის გეგმებისა და წინა წლის გეგმების შესრულების თაობაზე ინფორმაცია.
კანონპროექტის თანახმად, შემოღებული იქნება გამარტივებული ავტორიზაციის წესი ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლებისთვის. ისინი ავტორიზაციას გაივლიან მარტივი, კომუნიკაციების კომისიის ავტორიზაციის შეტყობინებების წარდგენის გზით.
შემსუბუქდება პასუხისმგებლობა არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი პროგრამების ეთერში გადაცემისთვის. აღნიშნული დარღვევისთვის პირველ შემთხვევაში მაუწყებელს, ჯარიმის ნაცვლად, დაეკისრება წერილობითი გაფრთხილება იმგვარად, როგორც დაწესებულია „მაუწყებლის შესახებ“ კანონის სხვა მოთხოვნების დარღვევისთვის. „ჯარიმის დაკისრება არ მოხდება მხოლოდ პირველ შემთხვევაზე, ხოლო ყოველი მომდევნო დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას. შესაბამისად, არ სუსტდება რეგულირების პრევენციული ეფექტი“, – აღნიშნავენ კანონპროექტის ავტორები.
კანონპროექტით, მედიამომსახურების მიმწოდებლების სიძულვილის ენის, ტერორიზმისკენ მოწოდებისა და პასუხის უფლების რეგულირებას დარღვევისთვის აღარ მოახდენს კომუნიკაცეიბის მარეგულირებელი კომისია. აღნიშნულ საკითხებს განიხილავს მაუწყებლის მიერ ქცევის კოდექსის საფუძველზე შექმნილი თვითრეგულირების ორგანო.
ცვლილება შეეხება მარეგულირებელი კომისიის მიერ სანქციების მყისიერ აღსრულებასაც, რომელიც დაემატება კანონპროექტს შესაბამის სექტორთან კონსულტაციების შედეგად.
როგორც კანონპროექტის ავტორები განმარტავენ, ცვლილებების მიზეზია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატის მიერ საქართველოს პარლამენტის თხოვნით შემუშავებული დასკვნა.