პარლამენტმა კახა კუჭავას, ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილსა და ელენე ხოშტარიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა
პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კახა კუჭავას, ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილსა და ელენე ხოშტარიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტეს.
კახა კუჭავასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა 78-მა დეპუტატმა, ხუთი წინააღმდეგი წავიდა; ბადრი ჯაფარიძე – 77 მომხრე, 38 წინააღმდეგი; შალვა ნათელაშვილი – 79 მომხრე, 28 წინააღმდეგი; ელენე ხოშტარია – 77 მომხრე, ცხრა წინააღმდეგი. სულ რეგისტრაცია გაიარა 116-მა დეპუტატმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა გუშინდელ სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მხარს დაუჭერდნენ შალვა ნათელაშვილის, ელენე ხოშტარიას და ბადრი ჯაფარიძის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას.
ბადრი ჯაფარიძის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მსჯელობის მიზეზი გახდა სასამართლოს გამამტყუნებელი გადაწყვეტილება, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილის შემთხვევაში კი, კონსტიტუციური ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ პარლამენტის წევრი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით სხდომების ნახევარზე მეტს თუ არ დაესწრება, უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს. რაც შეეხება კახა კუჭავას, მან პარლამენტის თავმჯდომარეობასა და დეპუტატის მანდატზე უარი განაცხადა.