პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი არამოსამართლე წევრი აირჩია
გოგა კიკილაშვილი და ლევან ნემსაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები გახდნენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მიიღეს. კენჭისყრა რამდენიმე წუთის წინ გაიმართა.
კანდიდატებმა 90 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვეს და შესაბამისად, ისინი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ოთხი წლის ვადით გამწესდნენ. დღევანდელი გადაწყვეტილების შედეგად, იუსტიციის საბჭოში პარლამენტის მიერ დასანიშნი, არამოსამართლე წევრების ხუთკაციანი კვოტა შევსებულია.
ერთ არამოსამართლე წევრს კი, საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს და ამ პოზიციას, საბჭოში თამარ ღვამიჩავა უკვე იკავებს.
სესიაზე დეპუტატების მხარდაჭერა ვერ მოიპოვეს რუსუდან კვინიკაძემ და ნინო ნიშნიანიძემ.