პარლამენტმა „გირჩის“ მიერ ინიცირებულ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
საქართველოს პარლამენტმა პოლიტიკური ჯგუფის, „გირჩის“ მიერ ინიცირებულ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
პარლამენტის წევრების: იაგო ხვიჩიას, ალექსანდრე რაქვიაშვილის, ვახტანგ მეგრელიშვილისა და ჰერმან საბოს მიერ მომზადებულ „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს დეპუტატებმა 97 ხმით ერთხმად დაუჭირეს მხარი.
ცვლილების თანახმად, პარტიებს საშუალება ექნებათ, საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებზე დაარეგისტრირონ პარტიული სია იმ რაოდენობის კანდიდატებით, რა რაოდენობასაც თვითონ ჩათვლიან საჭიროდ.
კანონპროექტის ინიციატორთა მოსაზრებით, წარმოდგენილი ცვლილება საქმეს გაუმარტივებს საარჩევნო ადმინისტრაციას, რომელსაც პარტიების მიერ წარდგენილი პარტიული სიებისა და მისი დანართების ადმინისტრირება შეზღუდულ დროში უწევს.