პარლამენტმა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო
საქართველოს პარლამენტმა პლენარულს ხდომაზე მიიღო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“.
კანონი „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ ითვალისწინებს, შეიქმნას სამართლებრივი მექანიზმები გარემოსათვის მიყენებული ზიანის პრევენციის, შერბილების ან აღმოფხვრის მიზნით.
კანონის მიზანია, გარემოზე ზიანის მიყენების საკითხების სამართლებრივი რეგულირება „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპის შესაბამისად.
„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის შესაბამისად, თუ, საწარმოს საქმიანობის შედეგად, გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგება, საწარმო ვალდებული იქნება, განახორციელოს ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებები. ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებები, პირველ რიგში, მიმართული იქნება დაზიანებული გარემოს პირვანდელ ან მასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენაზე. ყველა საჭირო ღონისძიება გაიწერება გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმაში, რომელიც კომპანიისთვის სახელმძღვანელო დოკუმენტი იქნება.
საწარმოები, საქმიანობის დაწყებამდე მოახდენენ ფინანსური გარანტიების/რესურსების მობილიზებას, რათა საქმიანობის შედეგად გარემოზე ზიანის მიყენების შემთხვევაში, მათ ჰქონდეთ სათანადო თანხები გარემოსთვის მიყენებული ზიანის მოკლე ვადაში აღმოსაფხვრელად. ზიანის ფულადი ანაზღაურების შედეგად გადახდილი თანხები მიმართული იქნება სპეციალურად შექმნილ „გარემოსდაცვითი ზიანის ფონდში“.
მსგავსი ტიპის ფონდები უკვე არსებობს და წარმატებით ფუნქციონირებს ევროკავშირის ქვეყნებში. საქართველო არის პირველი ქვეყანა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, რომელიც ასეთ ფონდს ქმნის. აღნიშნულ ფონდში აკუმულირებული თანხები მოხმარდება ქვეყნის მასშტაბით, დაზიანებული ტერიტორიების აღდგენას, გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებასა და შესაბამის ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებას.
„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ცვლილებების ნაწილი, მათ შორის, „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები, ძალაში შევა მიმდინარე წელს, ხოლო, „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის გარკვეული ნაწილი 2022 წლის პირველ ივლისს.
ინფორმაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გაავრცელა.