პარლამენტმა, ევროკავშირის რეკომენდაციების ცხრა პუნქტიდან გამომდინარე, საკანონმდებლო პაკეტები მიიღო
პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა ევროკავშირის რეკომენდაციების ცხრა პუნქტიდან გამომდინარე სამ საკანონმდებლო პაკეტს.
უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ „„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი – 80 ხმით, „„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი – 81 ხმით, ხოლო „„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი 79 ხმით მიიღო.
კანონპროექტები პლენარულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა წარადგინა და აღნიშნა, რომ ძირითადად რედაქციული ხასიათის ცვლილებებია წარმოდგენილი.
„სამივე საკანონმდებლო პაკეტი ევროკავშირის რეკომენდაციის ცხრაპუნქტიან გეგმას უკავშირდება. „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანით, ჩვენ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობას საკანონმდებლო დონეზე კიდევ უფრო გავაძლიერებთ. „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებები ანტიკორუფციული ღონისძიებების საკანონმდებლო დონეზე შემდგომ გაძლიერებას უკავშირდება. მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებებია „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონშიც, რომელიც ასევე უკავშირდება 9 პუნქტიდან ერთ-ერთს – საერთო სასამართლოების სისტემასთან დაკავშირებით შემდგომ საკანონმდებლო დახვეწას“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ოხანაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდა, ცხრაპუნქტიანი გეგმის შესრულების თანამონაწილენი გახდნენ.
„ეს არის ის მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის გზას ევროკავშირისკენ, ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას. ეს საკითხები იყო სამუშაო ჯგუფებში დისკუსიის საგანი. გარკვეული პერიოდი დასჭირდა ამ საკითხებთან დაკავშირებით პოზიციის ჩამოყალიბებას და საბოლოოდ წარმოდგენილია მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ცხრაპუნქტიანი გეგმის შესრულებას. შესაბამისად, გთხოვთ, გამოვხატოთ ერთობლივი მხარდაჭერა, საპარლამენტო უმრავლესობამ და ოპოზიციამ, ვისაც გული შესტკივა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციაზე“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
კანონპროექტებზე კენჭისყრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტმა, ცხრა პუნქტიდან გამომდინარე, სამი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენით მიიღო.
„სამი საკანონმდებლო პაკეტი მივიღეთ, სასამართლოებთან, ანტიკორუფციულ ბიუროსთან, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან და პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურთან დაკავშირებით. ამჯერადაც საპარლამენტო უმრავლესობამ რადიკალური ოპოზიციის გარეშე მიიღო ის ცვლილებები, რომელიც მნიშვნელოვანია ევროპული ინტეგრაციისთვის და ცხრა პუნქტის შესრულებისთვის. ამგვარად, ოპოზიციამ ევროპული ინტეგრაციის ამ პროცესშიც არ მიიღო მონაწილეობა, რაც უნდა დაფიქსირდეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.