საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს „საქართველოს ეროვნული ბანკის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშის თაობაზე“, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ წარადგინა.
ეროვნული ბანკის ანგარიში მოიცავს ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის მიმოხილვას და აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას.
კობა გვენეტაძის მოხსენება იმ პრიორიტეტული მიმართულებების მიმოხილვით დაიწყო, რომლითაც საანგარიშო პერიოდში ქვეყნის ცენტრალური ბანკი ხელმძღვანელობდა.
„მოგეხსენებათ, ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა. ამასთანავე, ეროვნულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს ფინანსური სისტემის სტაბილურობა და გამჭვირვალობა და ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ ზრდას ხელი ისე შეუწყოს, რომ მისი ძირითადი ამოცანის შესრულებას საფრთხე არ შეექმნას. ფასების სტაბილურობა, თავის მხრივ, საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის ისეთი დონის არსებობას გულისხმობს, რომელიც გრძელვადიან პერიოდში მაღალი და მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის არის ოპტიმალური. ეს გახლავთ ცენტრალური ბანკების არსი, და ამავდროულად, სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებისგან განმასხვავებელი ნიშანი – გადაწყვეტილებების მიღებისას თუ პოლიტიკის გატარებისას, იფიქროს მათ გრძელვადიან შედეგსა თუ ეფექტიანობაზე“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე და პანდემიის ეკონომიკურ ზეგავლენაზე.
„ინფლაცია არის მაღალი. ძალიან ცხადად ვხედავ იმ სირთულეებს, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს აქვთ და აბსოლუტურად მესმის, რომ ინფლაცია მძიმე ტვირთია მომხმარებლებისთვის. მაგრამ მსურს, მათაც ავუხსნა, რომ დღეს ჩვენ ვსაუბრობთ არამხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ მთელი მსოფლიოს, გლობალური შოკებისა და კრიზისის გავლენის შესახებ. ბოლო წლებში განვითარებული ერთმანეთის მიმყოლი შოკების ფონზე, ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა გლობალურ გამოწვევად იქცა. ეკონომიკური პროფილის საერთაშორისო ორგანიზაციების მიმოხილვებში დღეს გლობალური ინფლაცია ყველაზე მთავარ გამოწვევად მოიაზრება. ამ მხრივ, გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს და ჩვენც ამ დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.