პარლამენტმა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა
პარლამენტმა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა

პარლამენტმა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.

კანონპროექტი დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე განიხილეს და კენჭი უყარეს. ცვლილებებს მხარი დაუჭირა 88 დეპუტატმა.

მიღებული გადაწყვეტილებით, იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სისტემის ოპერატორის შერწყმის ან ხუთი პროცენტი ან მეტი წილის/აქციების ან საოპერაციო აქტივების მთლიანი ღირებულების ხუთი პროცენტის ან მეტის გასხვისების ან მაკონტროლებელი პირის (საბოლოო ბენეფიციარის) ცვლილების განზრახვა, რაც იწვევს სისტემის ოპერატორზე ან საოპერაციო აქტივებზე მესამე ქვეყნის რეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას, შესაბამისი სისტემის ოპერატორი ვალდებულია, აღნიშნულის თაობაზე წინასწარ აცნობოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიას.

პარლამენტის მიერ განისაზღვრა, რომ კომისიისთვის წარდგენილ შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს მონაწილე პირების თაობაზე შემდეგი ინფორმაცია – საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და ენერგეტიკის სფეროში გამოცდილება, სარეგისტრაციო მონაცემები, სადამფუძნებლო დოკუმენტები, მაკონტროლებელი პირის (საბოლოო ბენეფიციარის) სახელი, გვარი, მისამართი და მოქალაქეობა; ასევე აქტივების შეფასების დასკვნა და აუდიტის ანგარიში საწარმოს ფინანსურ ანგარიშგებაზე მიმდინარე პერიოდისთვის; აგრეთვე, შერწყმის ან წილის/აქციებისა ან საოპერაციო აქტივების გასხვისების ან მაკონტროლებელი პირის (საბოლოო ბენეფიციარის) ცვლილების პირობები; ასევე ინფორმაცია ფინანსური სახსრების წარმომავლობის შესახებ. კანონპროექტით კონკრეტდება, რომ შეტყობინებაში მითითებული ინფორმაციის სისწორესა და სისრულეზე პასუხისმგებელია სისტემის ოპერატორი. თავის მხრივ, კომისია შეამოწმებს შეტყობინებაში მითითებულ მონაცემებს და თუ სისტემის ოპერატორის შეტყობინება არ შეესაბამება მოთხოვნებს, კომისია დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოსადგენად განსაზღვრავს დამატებით გონივრულ ვადას. კომისია უფლებამოსილი იქნება, სისტემის ოპერატორს ასევე მოსთხოვოს ისეთი ინფორმაციისა და დოკუმენტების წარმოდგენა, რომელიც არ არის მითითებული და აუცილებელია შესაბამისი ტრანზაქციის/ოპერაციის შესაფასებლად და კომისიის მიერ გადაწყვეტილების მისაღებად.

ამასთან, კანონმდებლობით გაიწერა ვადებიც. კერძოდ, კომისია უფლებამოსილი იქნება, სისტემის ოპერატორის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან სამი თვის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე, ხუთი პროცენტი ან მეტი წილის/აქციების ან საოპერაციო აქტივების მთლიანი ღირებულების ხუთი პროცენტის ან მეტის გასხვისებაზე ან მაკონტროლებელი პირის (საბოლოო ბენეფიციარის) ცვლილებაზე, რაც იწვევს სისტემის ოპერატორზე ან/და საოპერაციო აქტივებზე მესამე ქვეყნის რეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას.

ასევე კომისია უფლებამოსილი იქნება, მოითხოვოს შერწყმის ან ხუთი პროცენტი ან მეტი წილის/აქციების ან საოპერაციო აქტივების მთლიანი ღირებულების ხუთი პროცენტის ან მეტის გასხვისების ან/და მაკონტროლებელი პირის (საბოლოო ბენეფიციარის) ცვლილების იმ პირობების კორექტირება, რომლებსაც, შესაძლოა, ჰქონდეს ზეგავლენა სისტემის მოსარგებლეებისთვის გაწეულ მომსახურებაზე, სისტემის ოპერატორის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების, მათ შორის, სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ან/და სისტემის ოპერატორის ტარიფზე.

ამასთანავე, კომისია უფლებამოსილი იქნება, აკრძალოს შერწყმა ან ხუთი პროცენტი ან მეტი წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივების მთლიანი ღირებულების ხუთი პროცენტის ან მეტის გასხვისება ან/და მაკონტროლებელი პირის (საბოლოო ბენეფიციარის) ცვლილება, რაც იწვევს სისტემის ოპერატორზე ან/და საოპერაციო აქტივებზე მესამე ქვეყნის რეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას.

„აკრძალვის საფუძველი შეიძლება იყოს სისტემის ოპერატორის მიერ სისტემის მოსარგებლეებისთვის გაწეული მომსახურების შესაძლო გაუარესება, სისტემის ოპერატორის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების, მათ შორის, სალიცენზიო პირობების შესაძლო შეუსრულებლობა ან/და სისტემის ოპერატორის ტარიფზე ტრანზაქციის/ოპერაციის შესაძლო უარყოფითი ზეგავლენა“, – აღნიშნულია კანონპროექტში.