პარლამენტმა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა
პარლამენტმა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა

პარლამენტმა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.

კანონპროექტს კენჭი დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე უყარეს. ცვლილებებს მხარი დაუჭირა 88 დეპუტატმა.

პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონპროექტით გათვალისწინებულია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების აღსრულების ღონისძიებები.

კერძოდ, ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის მიერ ამ კანონის 26-ე (შეტყობინების ვალდებულება და ინფორმაციის გამოთხოვა)და 27-ე (შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის გამოკვლევა და შემდგომი რეგულირება) მუხლების დარღვევის გამო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად კომისია უფლებამოსილია, დანიშნოს სპეციალური მმართველი.

სპეციალური მმართველი კი შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის მიმართ ამ დარღვევისთვის უკვე გამოყენებულია  კანონის 45-ე მუხლის მესამე პუნქტით განსაზღვრული ჯარიმა ერთხელ მაინც და ჯარიმებმა ვერ უზრუნველყო კომისიის გადაწყვეტილების აღსრულება, ხოლო ავტორიზაციის შეჩერებამ/ლიცენზიის გაუქმებამ შეიძლება, ზიანი მიაყენოს ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირების, მომხმარებლების კანონიერ ინტერესებს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს.

კანონპროექტით განისაზღვრა, რომ სპეციალური მმართველი დაინიშნება კომისიის გადაწყვეტილებით და სპეციალური მმართველის დანიშვნის შესახებ კომისიის გადაწყვეტილება ძალაში შევა კომისიის სხდომაზე მიღებისთანავე.

ამასთან, კანონპროექტით კონკრეტდება, რომ სპეციალური მმართველის დანიშვნის შესახებ კომისიის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდება სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და გაეგზავნება სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს“ და ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ პირს. სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ მიღებული შეტყობინებისა და სპეციალური მმართველის მოთხოვნის საფუძველზე კი, და აახლებს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის შესახებ მონაცემებს, სადაც აღინიშნება სპეციალური მმართველის შესახებ.

ცვლილებების გათვალისწინებით, სპეციალური მმართველი დაინიშნება კომისიის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფამდე და სპეციალური მმართველი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი, რომელსაც არ ექნება ინტერესთა კონფლიქტი ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის მიმართ, დააკმაყოფილებს ამ მუხლით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს. კანონპროექტის შესაბამისად განისაზღვრება, რომ კომისია აღსასრულებელი გადაწყვეტილების შინაარსიდან გამომდინარე, განსაზღვრავს სპეციალური მმართველის უფლებამოსილებასა და პასუხისმგებლობას, რომელთა ფარგლებშიც სპეციალურ მმართველს შეუძლია, განახორციელოს ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის კონტროლი და მასზე შეიძლება გადავიდეს ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის ყველა ორგანოს (მათ შორის, დირექტორი/დირექტორთა საბჭო, სამეთვალყურეო საბჭო, პარტნიორთა/აქციონერთა კრება) ის უფლებამოსილება, რომელიც აუცილებელია ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მიზნის შესასრულებლად, გარდა ავტორიზებული პირის/ლიცენზიის მფლობელის აქტივის ან წილის/აქციის გასხვისების.

ცვლილებებით, სპეციალური მმართველი, კომისიის გადაწყვეტილების შესრულების უზრუნველსაყოფად და კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ფარგლებში, უფლებამოსილი იქნება, განახორციელოს შემდეგი ქმედებები: დანიშნოს ან გაათავისუფლოს ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის დირექტორ(ებ)ი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრ(ებ)ი (ასეთი არსებობის შემთხვევაში); სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით სადავო გახადოს ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის მიერ სპეციალური მმართველის დანიშვნამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული ქმედება ან დადებული გარიგება და მოითხოვოს მათი ბათილობა, თუ აღნიშნული ქმედების ან გარიგების შედეგად ზიანი მიადგა/ზიანი ადგება ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირების, მომხმარებლების კანონიერ ინტერესებს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს; ასევე ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ პირს შეუჩეროს ან შეუზღუდოს მოგების განაწილება, დივიდენდებისა და პრემიების გაცემა, ხელფასების გაზრდა; აგრეთვე, ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის მმართველობითი ორგანოს სხვა ფუნქციები (გარდა ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის აქტივის ან/და წილის/აქციის გასხვისებისა); კანონპროექტით კონკრეტდება, რომ სპეციალური მმართველის დანიშვნის შემდეგ დაუშვებელი იქნება, ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის სახელით ნებისმიერი ქმედების განხორციელება სპეციალური მმართველის ან/და კომისიის თანხმობის გარეშე. ამასთან, პროექტით, სპეციალური მმართველი მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობისა და კომისიის მიერ გაცემული ინსტრუქციებისა და მითითებების ფარგლებში და ანგარიშვალდებულია მხოლოდ კომისიის წინაშე. ზემოთ აღნიშნულის გარდა, პარლამენტის მიერ განუსაზღვრა, რომ კომისია უფლებამოსილი იქნება, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი საფუძვლით გაათავისუფლოს სპეციალური მმართველი. ასეთ შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია ხელახლა დანიშნოს სპეციალური მმართველი.