პარლამენტმა ე.წ. ოფშორების კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა
პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილა და 64 ხმით მხარი არ დაუჭირა.
პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ წარუდგინა. მსხილაძის განცხადებით, პრეზიდენტმა არ გაიზიარა პარლამენტის მიერ მიღებული კანონის ის ჩანაწერი, რომლითაც განისაზღვრება, რომ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე (მათ შორის, წილზე ან აქციაზე) საკუთრების უფლების 2028 წლის პირველ იანვრამდე საქართველოს საწარმოსთვის გადაცემისას, ამ ოპერაციის ფარგლებში, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს და პარტნიორი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი გათავისუფლებულია მოგების/საშემოსავლო გადასახადისგან.
ასევე, კანონით, აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი თავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან, ხოლო საქართველოს საწარმო, აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში მიღებულ აქტივთან დაკავშირებით, 2030 წლის პირველ იანვრამდე თავისუფლდება ქონების გადასახადისგან. საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის აუცილებელი პირობაა, რომ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის/აქციების 100 პროცენტს ერთი და იგივე ფიზიკური პირი (პირთა ჯგუფი) ფლობდეს.
პრეზიდენტი მოტივირებულ შენიშვნებში აღნიშნავს, რომ მიღებული კანონით არათანაბარი და დისკრიმინაციული გარემო იქმნება როგორც უცხოურ ინვესტორებთან მიმართებით, ასევე ადგილობრივი ინვესტორების მიერ განხორციელებულ ინვესტიციებთან დაკავშირებით, რადგან მათ მიმართ ახალი საშეღავათო რეჟიმი არ გავრცელდება.
როგორც საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა აღნიშნა, საკანონმდებლო ცვლილებების იმ ნაწილს, რომლის თანახმად, ფიზიკურ პირებს ჩამოეწერებათ 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი, პრეზიდენტი იზიარებს და ის ასახულია მის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტში.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის შეფასებით, სრულიად უვნებელი კანონი პოლიტიკის მსხვერპლი გახდა, ვინაიდან „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილება დროში დაემთხვა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვას.
მისი თქმით, ის, რაც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა წარმოადგინა, ნამდვილად არ იყო მოტივირებული შენიშვნები და პრეზიდენტის სამოტივაციო ნაწილი სრულად ეყრდნობოდა ე.წ. დარგის სპეციალისტების მოსაზრებებს, თუმცა მათი ვინაობა არ არის დაკონკრეტებული და ამ ნაწილთან დაკავშირებით კითხვა როგორც კომიტეტის, ასევე პლენარულ სხდომაზეც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მიერ პასუხგაუცემელი დარჩა.
როგორც პაატა კვიჟინაძემ აღნიშნა, კანონპროექტის პრინციპების დონეზე განხილვისას ოპოზიციის მხრიდან ერთი კითხვაც არ დასმულა და შემდეგ, სავარაუდოდ, მიიღეს მითითება, რომ ე.წ. ოფშორების კანონი კარგი იქნებოდა თემის „ასაწევად“ და გამჭვირვალობის კანონთან დასაკავშირებლად.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, ოფშორული ზონების უმეტესობა შექმნილია დასავლეთის იურისდიქციის ქვეშ, კონტროლდება მათ მიერ, შესაბამისად, გამორიცხულია, დასავლეთიდან შემოვიდეს სანქცირებული რუსული ან „შავი ფული“, როგორც ამას ოპოზიცია აცხადებს. მისივე თქმით, უნდა აღინიშნოს, რომ კანონში ცვლილება შეეხება მხოლოდ იმ ოფშორულ კომპანიებს, რომლებიც კანონის ამოქმედებამდე საქართველოში ფლობენ კომპანიებს. კანონის მიღების შემდეგ რეგისტრირებულ ბიზნესზე შეღავათები არ გავრცელდება.
მას შემდეგ, რაც პარლამენტი პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს არ დაეთანხმა, დეპუტატებმა 83 ხმით მხარი დაუჭირეს კანონის პირვანდელ რედაქციას.