პარლამენტმა ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის ძირითადი წესის ცვლილებების განხილვა დაიწყო
პარლამენტმა ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის ძირითადი წესის ცვლილებების განხილვა დაიწყო

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, პირველი მოსმენისთვის, დაჩქარებული წესით, განიხილა და მხარი დაუჭირა პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებს, რომლითაც ახლებურად განისაზღვრება პარლამენტის მიერ ცესკო-ს წევრებისა და ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის ძირითადი წესი.

რეგლამენტის პროექტის თანახმად, პარლამენტი ცესკო-ს წევრსა და ცესკო-ს თავმჯდომარეს ირჩევს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით ან სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

იმ შემთხვევაში, თუ ცესკო-ს წევრის/ცესკო-ს თავმჯდომარის პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით ასარჩევად გამართული კენჭისყრის შედეგად არ შეივსო ყველა ვაკანსია, ყველა იმ დარჩენილ კანდიდატს, რომელმაც ამ კენჭისყრისას პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვა, ხელახლა ეყრება კენჭი. ხელახალი კენჭისყრისას კი, არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

აღნიშნული პროცედურის შედეგად, ვაკანსია თუ ისევ შეუვსებელი დარჩა, საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს სამი დღის ვადაში, კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატთაგან თითოეულ დარჩენილ ვაკანსიაზე ორ კანდიდატურას წარუდგენს. ვაკანსია თუ კვლავ შეუვსებელი დარჩა, არაუგვიანეს სამი დღისა დარჩენილ ვაკანსიაზე ცხადდება კონკურსი და კანდიდატურების წარდგენის პროცედურა თავიდან იწყება.

„ცვლილებების განხორციელებისთვის რამდენიმე გარემოება არსებობს. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ ის, რომ მაისში რუსთავის სამაჟორიტარო ოლქში უნდა ჩატარდეს შუალედური არჩევნები, თუმცა ცესკო-ს არსებულ შემადგენლობაში თავმჯდომარეს და ორი პროფესიული ნიშნით არჩეულ წევრს, რომლებიც ექვსი თვით არიან არჩეულნი, ვადა თებერვალში ეწურებათ. შესაბამისად, გამოდის ისე, რომ შუალედურ არჩევნებს ცესკო არასრული შემადგენლობით შეხვდება“, – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: შალვა პაპუაშვილი, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი და გურამ მაჭარაშვილი.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.