პარლამენტმა არჩევნების შედეგების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის ვადის გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა
პარლამენტმა არჩევნების შედეგების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის ვადის გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა არჩევნების შედეგების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის ვადის გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა.

კენჭისყრაზე საკითხს 75 დეპუტატმა მისცა ხმა, ორი კი წინააღმდეგ წავიდა.

ამასთან, დღევანდელ სხდომაზე ოპოზიცია ითხოვდა, რომ კომისიისთვის ვადის გაგრძელება საჭირო აღარ იყო.

როგორც „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა აღნიშნა, შარლ მიშელის შეთანხმების პოლიტიკური დედააზრი არის ის, რომ არ მოხდეს მტყუან-მართლის გარჩევა.

„ამ კომისიით რისი მიღწევა უნდა „ქართულ ოცნებას“, ვერ ვხვდები, დაამტკიცოს, რომ მართლები არიან? ამას ვერ დაამტკიცებს, რადგან შარლ მიშელის დოკუმენტში წერია, რომ ამის დამტკიცება არ არის პოლიტიკური შეთანხმების საგანი. მგონია, რომ ეს საგამოძიებო კომისია, ექვსთვიან სამუშაოს რაღაც თვალსაზრისით გაუფუჭებს სამომავლო წარმატების მიღწევის შანსებს“, – განაცხადა იოსელიანმა.

ამასთან, „ლელოს“ წევრმა დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ უკვე დადებული პოლიტიკური შედეგის ფონზე აღარ არის მიზანშეწონილი კომისიის მუშაობის გაგრძელება.

„ჩვენ ვკონცენტრირდებით შარლ მიშელის შეთანხმების ფარგლებში, ამ თემებზე შეჯერებული სამოქმედო გეგმით, რომელიც უკავშირდება საარჩევნო რეფორმასაც, მართლმსაჯულების სისტემასაც, პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებასაც, რასაც არჩევნები და არჩევნებთან დაკავშირებული თემები ფარავდა აქამდე“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ ოპოზიციის დამოკიდებულება გასაკვირია, რადგან ექვსი თვის განმავლობაში მათი საუბრის მთავარი ნარატივი გაყალბებული არჩევნები იყო.

„რაც მესმის ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან, ცოტა მიკვირს. საზოგადოება ექვსი თვის განმავლობაში ოპოზიციისგან ისმენდა, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და ახლა საერთოდ ვერ ვხვდები, რაზეა საუბარი. შთაბეჭდილება მაქვს, ეს თემა დაახლოებით გადის იქ, რომ უნდა გამოცხადდეს ამნისტია იმ ექვსთვიან კამპანიაზე, რომელიც იყო ე.წ. ტოტალურ გაყალბებაზე დაფუძნებული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.