პარლამენტმა ახალ პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა ორი კვირის ვადაში უნდა გამოუცხადოს
კონსტიტუციის 56-ე მუხლის თანახმად, პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილება უწყდება გადადგომისთანავე. პრემიერ-მინისტრის გადადგომის ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტის შემთხვევაში მთავრობა განაგრძობს მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე.
პარლამენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან, აგრეთვე პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან ან უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტიდან ორი კვირის ვადაში ნდობას უცხადებს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას.
მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს წარედგინება სამთავრობო პროგრამა. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.
გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო ბრიფინგზე დღეს გააკეთა.