პარლამენტმა 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის განხილვა დაიწყო
პარლამენტმა 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის განხილვა დაიწყო

პარლამენტმა, საბიუჯეტო ცვლილებების პროექტის კომიტეტებსა და ფრაქციებში განხილვის პროცესი, ბიუროს მიერ დამტკიცებული გრაფიკის მიხედვით დაიწყო.

საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე 2021 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტი განიხილეს.

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებებით, ბიუჯეტის შემოსულობები – 1 175 მლნ ლარით, ხოლო გადასახდელები 1 114.3 მლნ ლარით იზრდება.

ინფორმაცია საბიუჯეტო ცვლილებების შესახებ გაერთიანებული კომიტეტის წევრებს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ გააცნო, იმ პროგნოზებზე და მაჩვენებლებზე მიაწოდა ინფორმაცია დეპუტატებს, რამაც საბიუჯეტო ცვლილებების აუცილებლობა გამოიწვია.

„ბიუჯეტი, დაიგეგმა და დამტკიცდა იმ დროს, როდესაც პანდემიის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო  და ეკონომიკის სწრაფი აღდგენის მოლოდინი იყო ნაკლებად. ბიუჯეტიც ეკონომიკური კრიზისის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების მხარდაჭერაზე, ჯანდაცვის ხარჯების ზრდაზე და სხვა ანტიკრიზისულ ღონისძიებებზე იყო ორიენტირებული. მარტიდან შეინიშნება პოზიტიური დინამიკა. გაზრდილია ფულადი გზავნილები, დღგ-ს გადამხდელთა საწარმოო ბრუნვები, საფინანსო სექტორის მოგება, ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებელი. შესაბამისად, აპრილში 45 %-მდე  იყო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, მაისში 25 %-ს გადააჭარბა და საბოლოო ჯამში, 5 თვის წინასწარი მონაცემებით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 11, 5 %-ია. არსებული დინამიკა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გაიზარდოს პროგნოზები და ბიუჯეტი, რომელიც დაგეგმილი იყო 4,3 %-იან ეკონომიკურ ზრდაზე, იზრდება და წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, 7,7 პროცენტია. არსებობს მოლოდინი, რომ ეკონომიკური ზრდა უფრო მაღალი იყოს და მიაღწიოს ორნიშნა მაჩვენებელს“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მომხსენებელმა განმარტა, რომ ბიუჯეტის პროექტზე მუშაობისას, სამი მნიშვნელოვანი მიმართულებით,  ჯანდაცვის, ეკონომიკური და საბიუჯეტო დეფიციტის შემცირების კუთხით მოხდა თანხების გადანაწილება.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მთავარ ფინანსურ დოკუმენტში: COVID19-ის მართვის ნაწილში ჯანდაცვის ხარჯები 446,0 მლნ ლარით იზრდება; ბავშვების სოციალური დახმარების გაორმაგებისთვის გამოიყოფა 75,0 მლნ ლარი; დევნილთა სახლებით უზრუნველყოფაზე დამატებით მიიმართება 35,0 მლნ ლარი; სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროგრამების დაფინანსება იზრდება 177,0 მლნ ლარით; ეკონომიკის მწარმოებლური სექტორების ხელშეწყობისთვის დამატებით გათვალისწინებულია 55,0 მლნ ლარი; მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე დამატებით მიიმართება 220,0 მლნ ლარი; განათლების დაფინანსება იზრდება 40,0 მლნ ლარით, ხოლო სპორტის დაფინანსება 30,0 მლნ ლარით; დამატებითი 30,0 მლნ ლარია გათვალისწინებული თავდაცვის სამინისტროსთვის.

2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს 15 ივლისს  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი შემაჯამებელ სხდომაზე განიხილავს. ბიუჯეტში ცვლილებები რიგგარეშე სხდომაზე დასამტკიცებლად 23 ივლისს გავა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.