პარლამენტისგან ქვეყნის საერთაშორისო დასახელების „Sakartvelo“-თი შეცვლას ითხოვენ
საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება „ზვიადის გზა – უფლის სახელით“ პარლამენტისგან ქვეყნის საერთაშორისო დასახელების შეცვლას ითხოვს. გაერთიანების ხელმძღვანელი მიხეილ-გელა სალუაშვილი ფიქრობს, რომ „საქართველოს“ ტრანსლიტერაცია უნდა იყოს „Sakartvelo“, „ქართველი“ კი უნდა ითარგმნებოდეს როგორც „Kartveli“.
საკანონმდებლო წინადადება უკვე გაიტანეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე. თუმცა, განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა განაცხადა, რომ საკითხზე მნიშნელოვანია მთავრობის პოზიცია. შესაბამისად, თემის განხილვა მინისტრთა კაბინეტის დასკვნის შემდეგ შეიძლება გაგრძელდეს.
„მიგვაჩნია, რომ საჭიროა მსოფლიო საზოგადოების წინაშე დაისვას საკითხი – მათ მიერ, ჩვენი ქვეყნის დასახელებისა და ეროვნების აღსანიშნავად, ტრანსლიტერაციის საერთაშორისო ნორმებზე დაყრდნობით, გამოყენებული იქნეს ის სახელდება,რომელსაც, ჩვენ, ქართველები ვიყენებთ: „საქართველო“ – „Sakartvelo“; და „ქართველი“ – „Kartveli“, – აღნიშნულია დოკუმენტში, რომელიც გაერთიანებამ პარლამენტში წარადგინა.
საკანონმდებლო წინადადება ასევე ითვალისწინებს ქვეყნის საერთაშორისო კოდის „GE“-ს ჩანაცვლებას „SAQ“-ით.