პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოების შუალედური, ასევე ცაგერისა და თერჯოლის მერების რიგგარეშე არჩევნები 29 აპრილს გაიმართება
საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოების შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები 29 აპრილს გაიმართება. არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი განკარგულებები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.
როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა, ამომრჩევლები 29 აპრილს აირჩევენ:
საქართველოს პარლამენტის ფოთი – სენაკი – ხობის მაჟორიტარ დეპუტატს, გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულის, ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს, ასევე ცაგერისა და თერჯოლის მერებს. შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის 164 საარჩევნო უბანი გაიხსნება.
როგორც ცესკო-ში აცხადებენ, ამ არჩევნებზე საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ ტექნოლოგიებს დიდი მასშტაბით გამოიყენებს. ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების გამოყენებით კენჭისყრა 117 საარჩევნო უბანზე ჩატარდება და მასში მონაწილეობას მიიღებს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 91 პროცენტი. დანარჩენ, 47 საარჩევნო უბანზე კი კენჭისყრა ამ დრომდე არსებული წესით ჩატარდება, თუმცა აღნიშნულ უბნებზე საარჩევნო ბიულეტენები გაციფრულდება, შესაბამის პლატფორმაზე აიტვირთება და ყველა დაინტერესებული მხარისთვის ხელმისაწვდომი იქნება.
„ეს არჩევნები განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან ამ მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიები პირველად იქნება გამოყენებული. ასევე, შეიძლება ითქვას, რომ ეს იქნება ტესტი მომავალი საერთო 2024 წლის არჩევნებისთვის. საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის, კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება 29 აპრილის არჩევნებს. ეს არის საქართველოს არჩევნების ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ეტაპი და ყველა ჩართულ მხარეს შეუძლია, საკუთარი წვლილი შეიტანოს საარჩევნო პროცესის წარმატებით წარმართვაში. მიგვაჩნია, რომ არჩევნებში ჩართული ყველა მხარის პასუხისმგებლობაა საარჩევნო რეფორმის წარმატებით განხორციელება. ჩვენ ერთად უნდა შევუწყოთ ხელი ტექნოლოგიების მიმართულებით ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლებასა და ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას. სწორედ ამიტომ, გვინდა, მოვუწოდოთ ყველა დაინტერესებულ მხარეს – პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას – ყველას, ვინც გამოთქვამს სურვილს, მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის დემოკრატიზაციის ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში, ჩვენთან ერთად ჩაერთონ ელექტრონული არჩევნების დანერგვაში“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.