პარლამენტის წინ სისხლის სამართლის წესით დაკავებული აქციის ერთ-ერთი მონაწილე 3 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლდა
პარლამენტის წინ, აქციაზე სისხლის სამართლის წესით დაკავებული თორნიკე აკოფაშვილი სასამართლო დარბაზიდან 3 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლდა. მიუხედავად იმისა, რომ აკოფაშვილს ბრალი მძიმე კატეგორიის დანაშაულში, პოლიციელზე თავდასხმაში ედება, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, პროკურატურამ გირაო 5 000 ლარის ოდენობით მოითხოვა. ადვოკატი გირაოს თანხად 1 000 ლარს ასახელებდა.
ადვოკატის განმარტებით, ბრალდებულის იდენტიფიცირება შეუძლებელია იმ ვიდეომასალაში, რომელიც გამოძიებას აქვს. როგორც უფლებადამცველმა განმარტა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ისევე აპროტესტებდა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ და მმართველი პოლიტიკური პარტიის „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტს, როგორც პარლამენტთან შეკრებილი სხვა ადამიანები. მისივე თქმით, საერთაშორისო კრიტიკის და ხალხის მწვავე პროტესტის შემდეგ პროკურატურა იძულებული გახდა, სისხლის სამართლის წესით დაკავებული პატიმრობიდან გაეთავისუფლებინა.
თორნიკე აკოფაშვილმა განაცხადა, რომ პოლიცია მიმალვასაც ედავებოდა, თუმცა თავად ბრალდებული მიმალვას უარყოფს. რაც შეეხება პოლიციელზე თავდასხმას, ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს და აცხადებს, რომ მისი დახეული ტანსაცმელი მის მიმართ პოლიციელების ძალადობას ადასტურებს.
რაც შეეხება ბრალდების პოზიციას, როგორც პროკურორმა გრიგოლ ნიშნიანიძემ განმარტა, აქვთ კადრები, რომლებიც ადასტურებს თორნიკე აკოფაშვილის მხრიდან პოლიციელზე თავდასხმას. მძიმე კატეგორიის დანაშაულზე მსუბუქი აღმკვეთი ღონისძიების შუამდგომლობას კი, ნიშნიანიძის თქმით, პოლიტიკურ გარემოებებთან კავშირი არ აქვს და ეს წმინდა სამართლებრივი არგუმენტაციით მიიღეს.