საქართველოს პარლამენტის წინ დროშა ისევ აღმართეს. საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან დროშა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აღმართეს.
მანამდე „ალტ-ინფოსა“ და „კონსერვატიული მოძრაობის“ წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობასთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობასთან აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს, ხოლო მის ადგილზე რამდენჯერმე სცადეს საქართველოს დროშის აღმართვა. ვითარება პოლიციამ განმუხტა.
პარლამენტთან დღეს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, რაც საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვას გულისხმობს. უწყების ცნობით, სამართალდამცველების მიერ მოხდება სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირება და დაჯარიმება.
ამასთან, მომხდარს გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და განაცხადა, რომ ევროკავშირის დროშა სათანადო პატივით დაბრუნდებოდა პარლამენტის წინ.