პარლამენტის წინ 100-ზე მეტი ორგანიზაცია გენდერული კვოტირების საკითხზე პრესკონფერენციას გამართავს
თბილისის პარლამენტის წინ 100-ზე მეტი ორგანიზაცია გენდერული კვოტირების საკითხზე პრესკონფერენციას გამართავს და ერთობლივ განცხადებას გაავრცელებს. ამის შესახებ ინფორმაციას “ სამართლიანი არჩევნები” ავრცელებს.
ერთობლივი განცხადება 37,455 ამომრჩევლის მიერ წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას ეხება, რომელიც გენდერული კვოტირების დროებითი სპეციალური ღონისძიების საკანონმდებლო ინიციატივის მიღებას უკავშირდება.
„2017 წლის 12 ივნისს 37,455-მა ამომრჩეველმა საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა, რომელიც საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, პარტიებსა და ბლოკებს დაავალდებულებს, პარტიულ სიებში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ. ასევე, კანონპროექტის მიხედვით, პარლამენტის ან საკრებულოს პროპორციული წესით არჩეული წევრისთვის სადეპუტატო მანდატის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, მის ადგილს დაიკავებს სიაში რიგით მომდევნო იმავე სქესის წარმომადგენელი.
შემოთავაზებული მოდელი გენდერული კვოტირების დროებითი სპეციალური ღონისძიების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. საკანონმდებლო ინიციატივის მიღების შემთხვევაში, 2020 წლის მოწვევის პარლამენტში ქალთა რაოდენობა მინიმუმ 26% იქნება”- ნათქვამია “ სამართლიანი არჩევნების” განცხადებაში.