პარლამენტის ვიცე-სპიკერების რაოდენობის ხუთიდან შვიდამდე გაზრდა იგეგმება
პარლამენტის ვიცე-სპიკერების რაოდენობის ხუთიდან შვიდამდე გაზრდა იგეგმება

პარლამენტის ვიცე-სპიკერების რაოდენობის გაზრდა იგეგმება.

შესაბამისი ცვლილებები რეგლამენტში შედის, რომლის გათვალისწინებით, ხუთი ვიცე-სპიკერის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს შვიდი მოადგილე ეყოლება.

ცვლილებებით, სამი მოადგილის არჩევა მოხდება საპარლამენტო უმრავლესობიდან და სამი მოადგილის კი – საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციებიდან.

მოქმედი რეგლამენტით, პარლამენტის სპიკერატში უმრავლესობისა და ოპოზიციისთვის ორ-ორი კვოტაა განსაზღვრული, თუმცა საპარლამენტო ოპოზიციისთვის განკუთვნილი ორი ვიცე-სპიკერის თანამდებობიდან ერთი ვიცე-სპიკერის კვოტა ვაკანტურად რჩება.

მეათე მოწვევის პარლამენტში პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობას გია ვოლსკი იკავებს. უმრავლესობის კვოტით ვიცე-სპიკერის პოსტზე არჩილ თალაკვაძე და დავით სერგეენკო არიან არჩეული, ოპოზიციიდან კი – „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატი ავთანდილ ენუქიძე. ოპოზიციისთვის განკუთვნილია კიდევ ერთი კვოტა, რომელიც ლევან იოსელიანის სახალხო დამცველად არჩევის შემდეგ ვაკანტური გახდა და იქ ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურა წარადგინა, თუმცა მას უმრავლესობა მხარს არ უჭერს.