პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე შალვა პაპუაშვილის კანდიდატურაა წარდგენილი
ფრაქცია „ქართული ოცნება” პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე შალვა პაპუაშვილის კანდიდატურას წარადგენს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
ამასთან, მდინარაძის თქმით, პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე საბიუჯეტო საკითხები განხილეს. ასევე, როგორც მდინარაძემ განაცხადა, მომდევნო დღეებში პრეზიდენტის არჩევნების თარიღიც ჩაინიშნება.
„ასევე, ჩვენ გავიარეთ საბიუჯეტო საკითხები. მოგეხსენებათ, რომ გვაქვს ამ მიმართულებით ამბიციური გეგმები და ასევე მოგეხსენებათ, რომ პრეზიდენტის არჩევნები უნდა იქნეს ჩანიშნული პარლამენტის პირველი სხდომის შემდგომ. ამის კონკრეტული ვადა არის განსაზღვრული და უკვე მომდევნო დღეებში ამ თარიღსაც განვსაზღვრავთ, როდესაც პირველი სხდომა ჩაინიშნება საქართველოს პარლამენტში“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ამასთან, მდინარაძის განცხადებით, პრემიერმინისტრობის კანდიდატი კვლავ ირაკლი კობახიძე იქნება.