პარლამენტის თავმჯდომარემ შრომის უფლებებთან დაკავშირებით კონფერენცია გახსნა
პარლამენტის თავმჯდომარემ შრომის უფლებებთან დაკავშირებით კონფერენცია გახსნა. ირაკლი კობახიძემ ამ კუთხით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და იმ ხარვეზებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც არსებულ კანონმდებლობაში იკვეთება.
მისი თქმით, შემუშავებული ცვლილებები როგორც დასაქმებულის, ასევე დამსაქმებლის უფლებებს დაიცავს. კობახიძის განცხადებით, კანონპროექტის საბოლოო ჩამოყალიბებაში ჩართვა ყველა დაინტერესებულ მხარეს შეუძლია და პარლამენტი საჯარო დისკუსიებისთვის მზად არის.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ 2013 წლის ივლისში, საქართველოს შრომის კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა, კვლავ გამოწვევად რჩება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ზოგიერთ კონვენციასთან შესაბამისობის დახვეწა.
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს რატიფიცირებული აქვს თანაბარი ანაზღაურების შესახებ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 1951 წლის კონვენცია (#100), ეროვნულ კანონმდებლობაში არ არსებობს შრომით ურთიერთობებში დამსაქმებლის მიერ ქალისა და მამაკაცის მიმართ თანაბარ შესაძლებლობებისა და თანაბარი მოპყრობის და კონკრეტულად, თანაბარი ღირებულების სამუშაოსთვის თანაბარი ანაზღაურების პრინციპის უზრუნველმყოფი რეგულირება. აქვე უნდა დაზუსტდეს, რომ თანაბარი ღირებულების სამუშაოსთვის თანაბარი ანაზღაურების კონცეფციის ინსტიტუციონალური დანერგვა ეროვნულ დონეზე წარმოადგენს ევროპის კავშირის სამართლებრივი სივრცის ქვაკუთხედს“,- აღნიშნა კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მთავარი ამოცანაა უზრუნველყოფილი იყოს დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის ჰარმონიული ურთიერთობა, რომლის დროსაც დასაქმებულიც და დამსაქმებელიც ორივე დაინტერესებულია კომპანიის წარმატებით
„ამდაგვარი მიდგომა ზრდის დასაქმებულების პროდუქტიულობას და ხელს უწყობს კომპანიების განვითარებას. ასოცირების დღის წესრიგით უკვე განსაზღვრული ვალდებულებების გარდა, რომელთა ნაწილი გაწერილია დროში, გადასაწყვეტია და დასაგეგმია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის პრიორიტეტულ კონვენციებთან მიერთების პროცესი და ვადები.
ასევე, ევროპის საბჭოს სოციალურ უფლებათა კომიტეტის ბოლო ანგარიშის მიხედვით, გამოწვევებია ევროპის სოციალური ქარტიასთა ეროვნულ დონეზე შესაბამისობის მიმართულებითაც. ამ მიმართულებითაც გასააქტიურებელი მუშაობა. ყველა ეს საკითხი, თავისი მნიშვნელობიდან და მასშტაბიდან გამომდინარე, ჩვენი აზრით, საჭიროებს დისკუსიას და გადაწყვეტილების მიღებას, არა მხოლოდ სამმხრივი დიალოგის ფარგლებში სოციალურ პარტნიორებთან, არამედ გაცილებით ფართო საზოგადოებრივ დისკუსიას, სადაც ჩართული იქნება ყველა სხვა დაინტერესებული მხარე – მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციები და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რომელთა ძალისხმევითაც ხდება ხშირ შემთხვევაში შრომის უფლებებთან დაკავშირებული მრავალი საკითხის აქტუალიზება.
ჩვენ დღეს გთავაზობთ, რომ საქართველოს პარლამენტი გახდეს ღია პლატფორმა ასეთი საჯარო დისკუსიისთვის, რომლის საბოლოო შედეგიც იქნება ერთიანი ხედვის – სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება ჩვენს ქვეყანაში შრომის ურთიერთობების და შრომითი უფლებების საკანონმდებლო საფუძვლების შემდგომი სრულყოფის და მათი ეფექტიანი დანერგვის მიზნით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.