პარლამენტის თავმჯდომარემ და თბილისის მაჟორიტარმა დეპუტატებმა უკრაინელ მოსწავლეებს საჩუქრები გადასცეს
პარლამენტის თავმჯდომარემ და თბილისის მაჟორიტარმა დეპუტატებმა უკრაინელ მოსწავლეებს საჩუქრები გადასცეს

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ყოფნის პერიოდი თქვენთვის საინტერესო იქნება – პარლამენტი თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერში დაგეხმარებათ, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უკრაინელ მოსწავლეებს, რომლებსაც დღეს ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ უმასპინძლა.

თბილისის საჯარო სკოლაში ჩარიცხულ უკრაინელ მოსწავლეებს, მათ მშობლებს და პედაგოგებს შალვა პაპუაშვილმა სიტყვით მიმართა და პარლამენტის სახელით, მხარდაჭერა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაუდასტურა.

„გილოცავთ ქართულ სკოლებში ჩარიცხვას. თქვენ ახლა უკვე როგორც მოსწავლეები, ისე იმყოფებით პარლამენტის შენობაში. დარწმუნებული ვარ, კიდევ გექნებათ შესაძლებლობა, გვესტუმროთ – საქართველოს პარლამენტი მოწადინებულია, მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდეს სკოლებთან და მოსწავლეებთან, რათა მომავალმა თაობებმა ნახონ, როგორ მუშაობს ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, რას ნიშნავს პარლამენტარიზმი და კანონები. ამიტომ, ველით თქვენს სტუმრობას მომავალშიც.

დარწმუნებული ვარ, საქართველოში ყოფნა თქვენთვის საინტერესო იქნება. ბევრ ცოდნას და ახალ მეგობარს შეიძენთ თანაკლასელების სახით.  ყველას გისურვებთ, საინტერესო პერიოდი გქონოდეთ საქართველოში, ესაუბრეთ და გაუცვალეთ ემოციები თქვენს თანაკლასელებს, დაგეგმეთ ექსკურსიები – ჩვენ შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერში დაგეხმარებით. მობრძანდით პარლამენტშიც. მიხარია, რომ აქ ხართ. მადლობას ვუხდი პედაგოგებს, სკოლებს და განათლების სამინისტროს, რომ ინიციატივა უკრაინელი მოსწავლეების სკოლებში გადანაწილებასთან დაკავშირებით ასე სწრაფად განხორციელდა“, – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილმა, თბილისის მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად, თბილისის საჯარო სკოლაში ჩარიცხულ უკრაინელ მოსწავლეებს, მათ მშობლებს და პედაგოგებს საქართველოს პარლამენტის სახელით, საჩუქრებიც გადასცა.

დღესვე, სკოლის მოსწავლეები, მათი მშობლები და პედაგოგები ტრამვაით გაემგზავრებიან მთაწმინდის პარკში, სადაც ისინი მთელი დღის განმავლობაში ულიმიტო აბონემენტებით ისარგებლებენ.