პარლამენტის თავმჯდომარემ 20 ივნისს დაშავებული მოქალაქეები მოინახულა [ვიდეო]
ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა დაშავებულმა მოქალაქეებმა საქართველოსა და საზღვარგარეთის კლინიკებში მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება მიიღონ, ასევე მაქსიმალურ ყურადღებას მივაქცევთ მათ ოჯახებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
არჩილ თალაკვაძე რეგიონულ ჰოსპიტალში იმყოფებოდა, სადაც დაშავებულ მოქალაქეებს გაესაუბრა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მკურნალი ექიმებისგან ინფორმაცია მოისმინა.
„ახლა ჩვენ და მთელ საზოგადოებას გვაერთიანებს ერთადერთი, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს მათი გამოჯანმრთელება და რეაბილიტაცია. მინდა მადლობა გადავუხადო ექიმებს და ექთნებს თავდადებისთვის და მაღალი პროფესიონალიზმისთვის. მათ სწრაფად შეძლეს კვალიფიციური დახმარების აღმოჩენა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ჩვენი დაშავებული თანამოქალაქეები მალე დაუბრუნდებიან ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველოსა და საზღვარგარეთის კლინიკებში მიიღონ მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება, ასევე მაქსიმალურ ყურადღებას მივაქცევთ მათ ოჯახებსაც“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.