პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და პარლამენტის წევრები სტიქიის ზონაში რჩებიან
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთან, ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის წევრებთან და ადგილობრივ მაჟორიტარ დეპუტატთან, გოჩა ენუქიძესთან ერთად, სტიქიის ზონაში რჩება.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან საუბარში აღნიშნა, სამაშველო ღონისძიებები გრძელდება.
„გზის გაკვალვა ნელ-ნელა ნაწილობრივ ხდება, რომ ტექნიკამ მეორე ნაპირზე შეძლოს სრულად მუშაობა. თავდაცვის სამინისტროს ძალებიც ადგილზე არიან და ხედავთ, რა მდგომარეობაა კურორტ შოვში – ფაქტობრივად, აღარ არის ტერიტორია ისეთი, რომელიც ჩვენ გვახსოვს, ეს განსაკუთრებულ მწუხარებას იწვევს ჩვენში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილმა ასევე მიმართა საზოგადოებას, არ გაავრცელონ გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რასაც მოაქვს დაბნეულობა.
„ახლა არის სოლიდარობის და კონსოლიდირების დრო. ყველას ვთხოვ, გადაუმოწმებელი ინფორმაცია არ გაავრცელონ“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა კიდევ ერთხელ გამოუცხადა სამძიმარი სტიქიის შედეგად გარდაცვლილების ოჯახებს და განაცხადა, რომ ყველაფერი კეთდება, როგორც სპეცტექნიკის ჩართულობის თვალსაზრისით, ისე ვერტმფრენების უზრუნველყოფით, ყველა საჭირო რესურსის სრული მობილიზაციით, რომ სამაშველო სამუშაოებზე დაბრკოლება არ იყოს.
ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა, როგორც მაშველებს, ასევე პოლიციელებსა და ჯარისკაცებს.