პარლამენტის თავმჯდომარე და საპარლამენტო დელეგაცია პორტუგალიაში მცხოვრებ დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ
პორტუგალიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით მყოფმა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა და საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა ლისაბონში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.
დელეგაციის წევრებმა შეხვედრაზე დიასპორული ორგანიზაციების მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულებასა და იმ პროგრამებზე ისაუბრეს, რაც ხელისუფლების მხრიდან ხორციელდება.
„ჩვენ სხვადასხვა ქვეყანაში ძალიან ძლიერი დიასპორები გვყავს, რომლებიც არა მხოლოდ საქართველოს და ერთმანეთის დახმარებას ახერხებენ, არამედ ახერხებენ საქართველო წარმოაჩინონ ღირსეულად იმ ქვეყნებში, სადაც იმყოფებიან. შეხვედრაზე ვისაუბრეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი სახელმწიფოსთვის და ამ ადამიანებისთვის დიასპორული ორგანიზაციების გაძლიერება. ამ შემთხვევაში ჩვენი და საპატრიარქოს მიდგომა ერთმნიშვნელოვანია -— ჩვენ მაქსიმალურად ვეხმარებით ახალგაზრდებს, რომლებიც აქ დაიბადნენ, იზრდებიან, რათა არ დაკარგონ იდენტიფიკაცია თავის ქვეყანასთან. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართულებით არაერთი პროგრამა გვაქვს, ისევე როგორც სხვადასხვა სამინისტროდან, შესაბამისი სერვისების ხელშეწყობისთვის“, – განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, შალვა პაპუაშვილთან ერთად, ლევან იოსელიანი, დავით სონღულაშვილი, ბექა ოდიშარია, ლევან ქარუმიძე, ირმა ზავრადაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ლევან მახაშვილი შედიან.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.