პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები მუხროვანში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ
მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელ ცენტრს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები ეწვივნენ.
დეპუტატებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ უმასპინძლა.
საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა სპეციალური ოპერაციების ძალების ახალი ბაზის მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულეს და პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. ამჟამად ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოების პირველი ეტაპი, რომელიც ყაზარმების, ლაზარეთისა და სასადილოს მშენებლობას მოიცავს. მუხროვანში სპეციალური ოპერაციების ძალების ახალი ბაზის მშენებლობა 24 ახალი შენობის აგებასა და სამი ძველი შენობის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
დღესვე სპეციალური ოპერაციების ძალების ხელმძღვანელმა პირებმა სტუმრებს ქვედანაყოფის ისტორია, ძალთა სტრუქტურა, ამოცანები, სამომავლო გეგმები და საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით არსებული ვითარება გააცნეს. ბაზაზე ვიზიტის განმავლობაში დეპუტატებს საწვრთნელი ცენტრის სასროლეთის შესაძლებლობების გაცნობის, ტექნიკისა და შეიარაღების დათვალიერებისა და სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მდებარე ტაძრის მონახულების შესაძლებლობაც ჰქონდათ.
ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.