პარლამენტის სხდომაზე, სადაც საქართველოს მთავრობის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს, ხმაური იყო [ვიდეო]
საქართველოს პარლამენტის სხდომაზე, სადაც საქართველოს მთავრობის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს, ხმაური იყო.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს სიტყვა შეაწყვეტინა, როდესაც მთავრობის მეთაური ევროკომისიის რეკომენდაციაზე საუბრობდა.
„მინდა, საუბარი დავიწყო ჩვენი მთავარი მიღწევით, რომლის მომსწრენიც ჩვენ გავხდით რამდენიმე დღის წინ ევროკომისიამ მიიღო ისტორიული გადაწყევტილება 17 ივნისს ყველასთვის ნანატრი ჩანაწერი გაჩნდა ოფიციალურ დოკუმენტში. ევროკომისიამ რეკომენდაციის სახით მიმართა ევროპულ საბჭოს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ღარიბაშვილის ამ განცხადებას ხატია დეკანოიძე ტრიბუნიდან გამოეხმაურა და აღნიშნა, „რა ჩანაწერი გაკეთდა“.
დეპუტატის ამ განცხადებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა და ხატია დეკანოიძეს რეგლამენტის დაცვისკენ მოუწოდა.
„მოგმართავთ და შეგახსენებთ, ქალბატონო ხატია, მიკროფონის გარეშე საუბარი არის რეგლამენტის დარღვევა, ასევე დარბაზიდან გაშვების საფუძველი. რეგლამენტი დავიცვათ ყველამ. ყველას გექნებათ შესაძლებლობა, საკმარისი დრო და ჩაეტიეთ რეგლამენტში. თუ ამისთვის ხართ შემოსული დარბაზში, რომ ჩაშალოთ სხდომა, ამას არ გაგაკეთებინებთ და მოგიწევთ დარბაზის დატოვება. ქალბატონო ხატია, ვიქონიოთ მოსმენის კულტურა, თუ რამე მოსაზრება გაქვთ, ყველას გექნებათ დრო, გამოთქვათ აზრი ტრიბუნიდან. თქვენ უშლით ხელს პარლამენტს პროცედურის გამართვაში“, – მიმართა შალვა პაპუაშვილმა ხატია დეკანოიძეს.
ამასთან, პრემიერმა დეპუტატს ჰკითხა, ექიმი ხომ არ სჭირდებოდა. „წამალი არ გაქვთ, წამალი, მიუტანეთ, დაამშვიდეთ. ყველაფერს სიმართლეს გეტყვით“, – მიმართა პრემიერმა დეპუტატს.
ამის შემდეგ სხდომათა დარბაზში კვლავ ხმაური იყო.
„დაგატოვებინებთ დარბაზს, თუ არ გაჩერდებით. გაძლევთ გაფრთხილებას. ქალბატონ ანას და ხატიას ვაძლევ შენიშვნას, შემდეგ შენიშვნაზე დაგატოვებინებთ დარბაზს. რამეს თუ რ ეთანხმებით, თქვენ გაქვთ დრო და გამოხატეთ აზრი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.