პარლამენტის სხდომაზე, სადაც იუსტიციის მინისტრს უსმენენ, ხმაური და დაპირისპირება იყო
პარლამენტის სხდომაზე, სადაც იუსტიციის მინისტრს უსმენენ, ხმაური და დაპირისპირება იყო

საქართველოს პარლამენტის სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება იყო. ვითარება იმ დროს დაიძაბა, როდესაც იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრობდა, რა დროსაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ რატი ბრეგაძეს მატყუარა უწოდა.

რატი ბრეგაძემ მიმართა თავის მოადგილეს, ბექა ძამაშვილს, რომ ამოუბეჭდონ დეპუტატს სტრასბურგის გადაწყვეტილება სააკაშვილის საკითხზე და მარკერით გაუხაზონ თვალსაჩინოებისთვის.

თინა ბოკუჩავამ კი აღნიშნა, რომ ეს არ სჭირდება. ამ დროს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მგალობლიშვილმა თინა ბოკუჩავას უცენზურო სიტყვით მიმართა, რის გამოც ბოკუჩავამ სხდომის სპიკერს, გია ვოლსკის მგალობლიშვილისთვის სხდომის დატოვება მოსთხოვა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები თინა ბოკუჩავა და ანა წითლიძე ლევან მგალობლიშვილის მაგიდასთან მივიდნენ, რა დროსაც ანა წითლიძემ მგალობლიშვილის მისამართით ფურცლები ისროლა.

მგალობლიშვილმა მიკროფონი მოხსნა და ცდილობდა, ანა წითლიძის მისამართით ესროლა, თუმცა მანდატური ჩაერია.

სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა, უმრავლესობის წევრებმა კი ლევან მგალობლიშვილი სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს.