პარლამენტის სხდომაზე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კანონპროექტის განხილვა გაგრძელდება  
პარლამენტის სხდომაზე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კანონპროექტის განხილვა გაგრძელდება  

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კანონპროექტის განხილვა გაგრძელდება.

ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, თუ აღნიშნულ საკითხზე კითხვები არსებობს, ისინი პარლამენტში უნდა დაისვას.

„გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ გაგრძელდება განხილვა, კანონპროექტს განვიხილავთ. თუ კითხვები არსებობს, პარლამენტში უნდა დაისვას და გავცემთ შესაბამის პასუხებს. იმედი მაქვს, უფრო მარტივად გაგრძელდება პროცესი და შევძლებთ კანონპროექტის მიღებას. ეს არის ჩვენი პოზიცია. რაც შეეხება დეპუტატებს დიმიტრი ხუნდაძესა და ირაკლი შიოლაშვილს, სჯობდა, ეს ინფორმაცია მათგან არა დღეს, არამედ უფრო ადრე მიგვეღო. ფაქტის წინაშე დავდექით, ვისაუბრებთ, ისინი არიან ჩვენი კოლეგები. სჯობდა, ადრე გაგვეგო, თუმცა ამ ცაიტნოტში შევძლებთ მათთან საუბარს და გადაწყვეტილების მიღებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პლენარულ სესიაზე დღეს დაიწყო. მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგში ორი პროექტი იყო. ერთი მმართველი გუნდის, ხოლო მეორე ოპოზიციის მიერ მომზადებული.  ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონპროექტით გათვალისწინებული იყო არჩევნების ჩატარება სამპროცენტიანი ბარიერის პირობებში, ასევე დაშვებული იყო საარჩევნო ბლოკებად გაერთიანება. უმრავლესობის მიერ მომზადებული ცვლილებები კი, 2020 საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს. კერძოდ, პროექტის თანახმად, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე გამრავლდება და არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყოფა. ცვლილებების მიხედვით, არჩევნები ნულოვანი, ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარდება.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი დღეს პარლამენტში  კენჭისყრაზე ჩავარდა.

რაც შეეხება უმრავლესობის მიერ მომზადებულ პროექტს, სხდომაზე მცხეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ მოითხოვა, მმართველი გუნდის მომზადებული პროექტის განხილვამდე უმრავლესობის სხდომა გამართულიყო, რადგან, მისივე თქმით, კითხვები ჰქონდა. ამასთან, ხუნდაძემ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებაც არ გამორიცხა.

საკითხზე უმრავლესობაში კონსულტაციები გაიმართა, რომელიც უკვე დასრულდა.