პარლამენტის პლენარული სხდომა დღეს ხმაურითა და დაპირისპირებით გაიხსნა.
„მოქალაქეების“ ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა სხდომის დაწყებისთანავე სიტყვა ითხოვა და განცხადების გაკეთება ირაკლი ბერაიასთან დაკავშირებით სცადა, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მას მიკროფონი გაუთიშა, რასაც ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
ალეკო ელისაშვილმა ირაკლი ბერაიას სამარცხვინო უწოდა და თანამდებობიდან გადადგომისკენ მოუწოდა, შალვა პაპუაშვილმა კი ელისაშვილი დარბაზიდან გააძევა.
„ბატონო ალეკო, გუშინაც გითხარით, დაიოკეთ ნერვები. არ არის საჭირო. გუშინ იქნა ეს საკითხი განხილული, პასუხი ყველამ მიიღო. არ არის ახლა აქ საჭირო ზედმეტი ემოციები. ბატონო ალეკო, მიკროფონის გარეშე ნუ საუბრობთ. შენიშვნას ვაძლევ ალეკო ელისაშვილს. მანდატურს ვეუბნები, გაიყვანეთ ალეკო ელისაშვილი დარბაზიდან. გაძევებთ დარბაზიდან, ოქმში ჩანაწერი გააკეთეთ. გაძევებულია ალეკო ელისაშვილი. დატოვეთ დარბაზი, გაძევებული ხართ დარბაზიდან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სხდომაზე კამათი მოგვიანებითაც გაგრძელდა, როდესაც კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობდა, ხატია დეკანოიძემ შენიშვნებისთვის განკუთვნილ დროს სიტყვა ითხოვა და, სავარუდოდ, ასევე ირაკლი ბერაიასთან დაკავშირებით აპირებდა საუბარს, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარემ მას მიკროფონი გაუთიშა და განუცხადა, რომ მისი სიტყვა კანონპროექტთან დაკავშირებული რედაქციული სახის შენიშვნა არ იყო.
როდესაც პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს მიმართა, თუ ჰქონდათ შეკითხვევი კონკრეტულ მუხლებთან დაკავშირებით, სიტყვა ხატია დეკანოიძემ ისევ ითხოვა, თუმცა თავმჯდომარემ მიკროფონი მალევე გაუთიშა და მიუთითა, რომ კანონპროექტის განხილვის დროს სხვა თემაზე სიტყვას ვერ მისცემდა.
„ქალბატონო ხატია, პარლამენტი არ არის ცირკი და ამას ცირკად არ გაქცევინებთ, თქვენ განსაკუთრებით. მოკლედ, არ არის კითხვა. მაგისთვის არ მოგცემთ სიტყვას, რადგან განსახილველ საკითხს არ შეეხება. ეგ არ ვიცით, რა უნდა გაგრძელდეს, მაგრამ ჩვენ ახლა განვიხილავთ კანონპროექტს. ჩვენ არ ვართ თავისუფალ ცურვაში. განვიხილავთ კანონპროექტს, აქვს თავისი პროცედურა. მუხლთან დაკავშირებით თუ გაქვთ კითხვა, დასვით. გუშინაც ხომ ამას ვსაუბრობდით, რატომ არის მაინც და მაინც თქვენი მხრიდან ეს ინციდენტები?“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.