საქართველოს პარლამენტის შენობის წინ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ფოტოები დაწვეს.
პარლამენტთან, სადაც დღეს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესიასთან დაკავშირებით დაპირისპირება მოხდა, აქტივისტები პუტინის ფოტოებით მივიდნენ და ფოტოებს ცეცხლი წაუკიდეს. ამ ფორმით აქტივისტებმა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიაში რუსი დეპუტატების, მათ შორის ასამბლეის პრეზიდენტის, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის მონაწილეობა გააპროტესტეს.
თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია მიმდინარეობს. სესია, რომელიც გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა, დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში გაგრძელდა. პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა, რომელიც სხდომას უძღვებოდა. აღნიშნული ფაქტი „ევროპული საქართველოს“ წევრებმა გააპროტესტეს. ისინი შესვენების დროს სხდომათა დარბაზში პლაკატებითა და შეძახილებით შევიდნენ, მოგვიანებით მათ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც შეუერთდნენ. დარბაზში დაპირისპირება და ხმაური იყო.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ სერგეი გავრილოვი შეუთანხმებლად აღმოჩნდა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. მისი თქმით, ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტში ვეღარ გაგრძელდება.
სხდომა საქართველოს პარლამენტში შეწყდა და სესიის დელეგატებმა პარლამენტი დატოვეს.