პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია „ამნისტია პატიმრებს“ იმართება. აქციის მონაწილეები ყველა პატიმრისთვის სასჯელის ვადის ერთი მეოთხედით შემცირებას ითხოვენ.
ხელისუფლებას ისინი ერთჯერადი ჰუმანური აქტის გამოცემისკენ მოუწოდებენ. აქციაზე მსჯავრდებულების მშობლები იმყოფებიან.
მოძრაობა „შემახე ამნისტიას“ წევრები პარლამენტთან მიმდინარე აქციას თავისუფლებიდან მსვლელობით შეუერთდნენ.
შეკრებილები პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძესთან შეხვედრას ითხოვენ.
„ეს არ არის ამნისტია, ამნისტია არის ის კანონპროექტი, რომელიც ყველა მსჯავრდებულს ეხება. რომ იძახიან, კრიმინალები გამოვუშვათო, ჩვენ კრიმინალები არ გვიზიან ციხეში, ამნისტია ყველას უნდა შეეხოს, ყველა პატიმარია ღირსი, ერთი მეოთხედით რომ შეეხოს. ვითხოვთ, გაფართოვდეს ამნისტია და ყველას შეეხოს. სიტყვა – ნასამართლევი და დაზარალებულის თანხმობა უნდა გაუქმდეს. ბოლომდე ვიბრძოლებთ, ამას არ შევეგუებით“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დღეს „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით განიხილავენ.
ცნობილია, რომ კანონპროექტი 80-მდე მუხლს, 1 500 პატიმარს და 6 000-მდე პრობაციონერს შეეხება.
ნორმატიული აქტი ასევე ვრცელდება 4 000-მდე პირზე, რომელთაც სასამართლო გადაწყვეტილებით ჯარიმა აქვთ განსაზღვრული.