პარლამენტის შენობასთან მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
საქართველოს პარლამენტის შენობასთან აქცია სახელწოდებით “ყველა ერთისთვის” გაიმართა.
აქციის მონაწილეებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს ნარკოდანაშაულში მსჯავრდებულს, მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს.
აქციაზე სიტყვით გამოვიდნენ მსახიობები: ეკა დემატრაშვილი, ნანკა კალატოზიშვილი, გიორგი ნაკაშიძე, იმედა არაბული; მწერლები: ლაშა ბუღაძე, პაატა შამუგია, ალექსი ჩიღვინაძე და სხვები.
როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, შოთა დიღმელაშვილმა აღნიშნა, დღევანდელი დღე არის ზეიმი.
“დღევანდელი დღე თან მიხარია და თან – არა. არ მიხარია, რადგან ჩვენმა პოლიტიკურმა კლასმა არ ისმინა ჩვენი ხმაურის ხმა. ეგონა, რომ ჩვენი ხმა გაწყდებოდა, კლდეს შეასკდებოდა. ამავდროულად მიხარია, რომ ამდენ ხალხს ვუყურებ აქციაზე. ეს საპროტესტო აქცია იქცა ცუნამად, რომელიც წალეკავს სიბილწეს. “ბახალას” საქმე არის ძალიან ნათელი ლუსტრაცია. პირადი მოხმარების გამო, ადამიანებს 8-დან 20 წლამდე ციხეში უშვებენ. ეს აქცია არის “ყველა ერთისთვის”. ჩვენ ვამბობთ – ყველა თითოეულისთვის. ეს ამბავი წლებია გრძელდება და ბოლო არ აქვს ამ უსამართლობას. ამ უსამართლობას ჰქვია სადამსჯელო ნარკოპოლიტიკა. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც თვლიან, რომ უნდა დაგვიცვას “ბახალასგან”, ის უნდა ჩასვან რვა წლით ციხეში, რომ ჩვენ დაგვიცვან. არა, ჩემო კარგო ქვეყანა, ჩვენ გვჭირდება დაცვა ამ ქვეყნისგან, რომელიც თვლის, რომ მუქარის გამოყენებით, გაუპატიურებისთვის ადამიანი შეიძლება ციხეში 3-5 წლამდე იჯდეს და ქვეყანა, რომელიც ამბობს, რომ ნარკომომხმარებელი შეიძლება იჯდეს ციხეში უვადოდ. ჩვენ ამას წყნარად უნდა ვუყუროთ და უნდა შევეგუოთ? ჩვენ ამას არ შევეგუებით”, – განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.
მისივე თქმით, ბახალას საქმე არ არის ერთადერთი, ბევრი ადამიანია, რომლებიც ჩადებული ნარკოტიკების გამო იხდიან სასჯელებს.
აქციაზე ტელეწამყვანმა თიკო სადუნიშვილმა გიორგი გიორგანაშვილის წერილი წაიკითხა და აღნიშნა, რომ სიმართლის დასამტკიცებლად ბოლომდე იბრძოლებს.
”მე წაგიკითხავთ ბახალას საბოლოო სიტყვას, რომლითაც მოსამართლეს მიმართა: მინდა, დავადასტურო თქვენს მიმართა პატივისცემა, მაგრამ ჩემს მიმართ წარდგენილი ბრალდება აბსურდულია. ასეთი რამ არ მქონია, რომ მქონოდა დავთანხმდებოდი პროკურატურის შემოთავაზებას. ცხადია, ასეთ დიდი რისკზე არ წავიდოდი. არ გავრისკავდი ჩემი ოჯახის გამო, დავთანხმდებოდი იმ ერთ წელს, რომელსაც მთავაზობდა პროკურატურა და ხვალ გამოვიდოდი ციხიდან სასჯელის მოხდით. ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ ვაღიარო ისეთ ქმედება, რომელიც არ ჩამიდენია. აქამდე ნასამართლევი არ ვყოფილვარ და დიდი გამოძიება არ სჭირდება იმას, რომ ჩემი ცხოვრების განმავლობაში არათუ საფრთხე შემიქმნია ვინმესთვის, არამედ ვცდილობდი ვყოფილიყავი აქტიური. მე რიგითი მოქალაქე ვარ, თუმცა სოციალური პასუხისმგებლობა კიდევ უფრო დიდი მაქვს. ამგვარი პრობლემის წინაშე მხოლოდ მე არ ვდგავარ. ეს საზოგადოებრივ ტკივილად იქცა. მიმაჩნია, რომ ე.წ. ჩადების პრაქტიკა პრობლემების კიდევ ერთი მტკივნეული ასპექტია”, – აღნიშნა სადუნიშვილმა.
აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობას ცოცხალი ჯაჭვი შემოარტყეს. ისინი აცხადებს, რომ ციხით განკურნება არ ხდება. „ჩვენ გვჭირდება ჩანაცვლებითი პროგრამები“.
მსახიობ გიორგი გიორგანაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გამოძიება მსახიობს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვას ედავებოდა.
აქცია რუსთაველის გამზირზე – "ყველა ერთისთვის"
Posted by პირველი არხი on 2018 წლის 25 იანვარი, ხუთშაბათი