პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე გურამ ფალავანდიშვილი დააკავეს 
პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე გურამ ფალავანდიშვილი დააკავეს 

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გურამ ფალავანდიშვილი დააკავეს, რომელმაც ლგბტ აქციის მონაწილეებს კვერცხები დაუშინა.

აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის წინ აქციას მართავენ და თანამდებობიდან პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის გადაყენებას ითხოვენ.

მათ თქმით, კილაძე დაკისრებულ უფლებამოსილებას თავს ვერ ართმევს და ის ლგბტ თემის უფლებებს ვერ იცავს.

მათ განცხადებით, სოფო კილაძემ აღნიშნა, რომ 17 მაისს კომიტეტი ლგბტ თემის მხარდასაჭერად აქციის გამართვას არ აპირებს.

აქციის მონაწილეები კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე დასწრებას და თავმჯდომარისგან ახსნა-განმარტებას მოითხოვენ, რატომ არ აპირებს 17 მაისს ღონისძიების გამართვას.

აქციის მონაწილეებს გურამ ფალავანდიშვილმა და რამდენიმე ადამიანმა კვერცხები დაუშინეს, რის გამოც ის პოლიციამ დააკავა.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ მედიას განუცხადა, რომ კომიტეტი 17 მაისის ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს კომიტეტის 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმაშია ჩაწერილი.