„სოლიდარობა ტყიბულს” ამ სლოგანით, ექვსი დაღუპული მეშახტის პატივსაცემად უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან პარლამენტამდე მსვლელობა გაიმართა.
აქციის ორგანიზატორებს განცხადებით, ისინი მომხდარის გამო, ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის გადადგომასა და ტყიბულის განვითარების ალტერნატიული გეგმის შემუშავებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები პირველი კორპუსიდან მსვლელობით პარლამენტის მიმართულებით დაიძრნენ, მათ რამდენიმე წუთით პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირი გადაკეტეს, მათ სამართალდამცველებმა გზის სავალი ნაწილის დატოვება სთხოვეს. აქციის მონაწილეების მხრიდან უარის მიღების შემდეგ სიტუაცია გამწვავდა, რასაც აქციის რამდენიმე მონაწილის დაკავება მოყვა.
„აუდიტორია 115“-ის წევრებმა განაცხადეს, რომ შემდეგ აქციას 11 აპრილს ისევ გამართავენ.