პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი პაატა დავითაიას განცხადებას ეხმაურება
პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი პაატა დავითაიას განცხადებას ეხმაურება.
როგორც პარლამენტში განმარტავენ, აგვისტოს ომის საკითხზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა განახლებულ საიტზე განთავსებულია, თუმცა ვებგვერდზე დაიკარგა დიდი მოცულობის ინფორმაცია 2012 წელს განხორციელებული კიბერშეტევის შედეგადაც.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, 2008-2012 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრის, პაატა დავითაიას განცხადებას და სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მიზნით განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და სხვა ქმედებების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მასალა გაურკვეველ ვითარებაში წაიშალა საქართველოს პარლამენტის ოფიციალური ვებგვერდიდან.
რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მიზნით განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და სხვა ქმედებების შემსწავლელმა საქართველოს პარლამენტის დროებითმა კომისიამ მუშაობა 2009 წელს დაასრულა. კომისიის მუშაობის მასალები ავტომატურად გადავიდა არქივში. 2012 წლის ივლისში გაკეთდა პარლამენტის ახალი ვებგვერდი. ძველი ვებგვერდიდან ტექნიკურად ვერ მოხერხდა სრული მასალის საქართველოს პარლამენტის განახლებულ ოფიციალურ ვებგვერდზე გადმოტანა. განახლებულ ვებგვერდზე მხოლოდ კომისიის დასკვნა მექანიკურად, ხელით იქნა გადმოტანილი. ვებგვერდზე დაიკარგა დიდი მოცულობის ინფორმაცია 2012 წელს განხორციელებული კიბერშეტევის შედეგადაც. ამჟამად მოქმედმა ვებგვერდმა სწორედ აღნიშნული კიბერშეტევის შედეგად, 2013 წლიდან ჩაანაცვლა წინამორბედი. შესაბამისად, საგამოძიებო კომისიის მასალები არ გათავსებულა საქართველოს პარლამენტის არათუ მოქმედ, არამედ 2012 წელს შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდზეც”, – აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის განცხადებაში.