პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით კონსტიტუციურ წარდგინებაზე დეპუტატების ხელმოწერების ნამდვილობა დაადგინა
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით კონსტიტუციურ წარდგინებაზე დეპუტატების ხელმოწერების ნამდვილობა დაადგინა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ წარდგინებაზე პარლამენტის წევრების ხელმოწერები შეამოწმა და მათი ნამდვილობა დაამტკიცა.

კონსტიტუციურ წარდგინებას საქართველოს პარლამენტის 81 წევრი აწერს ხელს.

„საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 2024 წლის 21 ოქტომბრის კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 178-ე მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, განიხილა კონსტიტუციურ წარდგინებაზე განსახორციელებელი საქართველოს პარლამენტის წევრების ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმების შედეგები, რომელიც ეხებოდა საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლების განხორციელებას. შემოწმების შედეგად დადგინდა საქართველოს პარლამენტის 81 წევრის ხელმოწერის ნამდვილობა, რაც შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის პირველი პუნქტითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 178-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ხელმოწერების რაოდენობას, პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედი“, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.

პროცედურის მიხედვით, კომიტეტის მიერ ხელმოწერების ნამდვილობის დადგენის შემდეგ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაეცემა.