პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით დეპუტატების ხელმოწერების ნამდვილობას დღევანდელ სხდომაზე განიხილავს
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით დეპუტატების ხელმოწერების ნამდვილობას განიხილავს. ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციას სისტემურად არღვევს და ქართულ სახელმწიფოს პატივს არ სცემს.
გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, მას შემდეგ, რაც კომიტეტი ხელმოწერების ნამდვილობას დაადგენს, სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაეცემა.
„ნაიმპიჩმენტარი ზურაბიშვილი ისევ იმპიჩმენტს ელოდება. დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტზე განვიხილავთ პარლამენტის წევრების ხელმოწერების ნამდვილობას, რომლის შემდეგაც საკონსტიტუციო სარჩელი უკვე საკონსტიტუციო სასამართლოში შევა. ზურაბიშვილი ისტორიაში შევა, როგორც მრავალგზის ნაიმპიჩმენტარი პრეზიდენტი, გამომდინარე იქიდან, რომ კონსტიტუციას სისტემურად არღვევს, ქართულ სახელმწიფოს პატივს არ სცემს და კონსტიტუციას ლახავს, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციაში უწერია, ის უნდა იყოს კონსტიტუციის დაცვის პირველი გარანტორი. საზოგადოება კიდევ ერთხელ იხილავს, ზურაბიშვილმა კონსტიტუცია რამდენჯერ და როგორ უხეშად დაარღვა. ამიტომ დღეს ეს საკითხი იქნება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტზე განხილული. მას შემდეგ, რაც დადასტურდება საკონსტიტუციო სარჩელზე პარლამენტის წევრების ხელმოწერა, საკონსტიტუციო სასამართლოში უახლოეს პერიოდში შევა სარჩელი და პროცესი კანონმდებლობის შესაბამისი პროცედურებით დაიწყება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
გურამ მაჭარაშვილის თქმით, საკონსტიტუციო სარჩელის მიზანია, რომ მომავალში ვერავინ გაბედოს კონსტიტუციის ასე უხეშად დარღვევა.
„სალომე ზურაბიშვილის რომ გვეშინოდეს, სარჩელს ხომ არ შევიტანდით. არათუ არ გვეშინია, გვინდა, რომ საზოგადოებას დავანახოთ და ვამხილოთ ეს ადამიანი. გასაგებია, რომ აგენტობაზე ხელი მოაწერა, მაგრამ როგორ უხეშად და სისტემატურად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და პირდაპირ ამბობს, რომ ის წარმოადგენს უცხოურ ძალას საქართველოში, ამას არ მალავს. პირდაპირ ამბობს, რომ ის ჩადის უცხოეთში, შემდეგ მოდის და აქ თავის ოპოზიციას აბარებს ანგარიშს – მე ვიყავი ჩვენს პატრონთან, ჩვენმა პატრონმა ასე გვითხრა. ჩვენმა პატრონმა გვითხრა, ამდენი პრიცენტი უნდა მივიღოთ. ჩვენმა პატრონმა გვითხრა, მინისტრთა კაბინეტი ჩვენ უნდა გავინაწილოთო და ა.შ. ილუზიებში ცხოვრობს, მაგრამ, ამავე დროს, არღვევს კონსტიტუციას და პატივს არ სცემს ქართულ სახელმწიფოს“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.