საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წლიური ანგარიშით პარლამენტის წინაშე 22 ივნისს წარდგება.
მისივე თქმით, „ლელოს“ მიმართვის საფუძველზე, ხვალ იქნება თავისუფალი ტრიბუნით სარგებლობის შესაძლებლობა, ხვალვე გაკეთდება პოლიტიკური განცხადებები. შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ პარლამენტის საგაზაფხულო სესია მიმდინარე კვირაში, სავარაუდოდ 24 ივნისს დაიხურება.
„მიმდინარე კვირა არის პლენარული სხდომებისთვის გათვალისწინებული ბოლო სასესიო კვირა და ამ კვირაში დავხურავთ საგაზაფხულო სესიას. ხვალ ჩვეულებრივ დავიწყებთ პოლიტიკური განცხადებებით. გარდა ამისა, პოლიტიკურ ჯგუფ „ლელოს“ აქვს მომართვა, რომ ისარგებლოს თავისუფალი ტრიბუნით. ამიტომ გთავაზობთ, რომ ხვალ, სამშაბათს ისარგებლოთ თავისუფალი ტრიბუნით. კენჭისყრების წინ გექნებათ შესაძლებლობა, რომ ისარგებლოთ. ოთხშაბათს იქნება პრემიერის ყოველწლიური მოხსენება. სამი პროექტი დაჩქარებული წესით განიხილება. აქედან ერთზე ოთხშაბათს შეიძლება, პირველი მოსმენა გაიმართოს. ოთხშაბათს, 12:00 საათზე შეიძლება, მოგვიწიოს პირველი მოსმენით ამ პროექტის განხილვა და სავარაუდოდ პირველი საათიდან დაიწყება პრემიერის მოხსენება. გამომდინარე იქიდან, რომ დაჩქარებული წესით განსახილველი კანონპროექტები გვაქვს, დიდი ალბათობით ხუთშაბათს მოგვიწევს ამ საკითხებზე მსჯელობა. პარასკევს უნდა დაიხუროს საგაზაფხულო სესია, თუმცა შეიძლება, დაიხუროს როგორც პლენარული სხდომით, ისე ბიუროს სხდომით“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.