პარლამენტის საგაზაფხულო სესია დასრულდა
პარლამენტის საგაზაფხულო სესია დასრულდა

მეცხრე მოწვევის პარლამენტის რიგით მეორე საგაზაფხულო სესია დღეს სახელმწიფო ჰიმნის ფონზე დაიხურა.

რეგლამენტის გათვალისწინებით, საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლო პარასკევს იხურება, თუმცა კანონმდებლები საქმიანობას რიგგარეშე სხდომების ფორმატში განაგრძობენ.

რიგგარეშე სხდომების მოწვევის მიზნით, საკანონმდებლო ორგანო პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მიმართავს. პარლამენტი რიგგარეშე ფორმატში საქმიანობას 2 ივლისიდან დაიწყებს და თავდაპირველად, სამინისტროების რეორგანიზაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს, მოგვიანებით კი, მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურას წარმართავს.

ვიცე-სპიკერ ზვიად ძიძიგურის განცხადებით, მთავრობის რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკითხს, პარლამენტი მომავალ კვირაში განიხილავს.

„პარლამენტში არის შემოსული მთავრობის რეორგანიზაციასთან დაკავშირებული კანონთა პაკეტი, რომელიც საკმაოდ მოცულობითია. ჩვენ აუცილებლად რიგგარეშე სესიის ფარგლებში შევიკრიბებით, მაღალი ალბათობით, შემდეგ კვირას და განვიხილავთ მთავრობის რეორგანიზაციის საკითხებს. ზაფხულში რიგგარეშე სესია კიდევ გვექნება“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

სამთავრობო ცვლილებების გარდა, პარლამენტმა ახალი მთავარი პროკურორი უნდა აირჩიოს და სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიში მოისმინოს.

საკანონმდებლო ორგანოს დღის წესრიგით განსახილველია რამდენიმე ათეული კანონპროექტიც, რომელიც ახალი საკონსტიტუციო ცვლილებებიდან გამომდინარეობს. ასევე, რეგლამენტში მომზადებული ახალი ცვლილებები.

საქმიანობის რიგგარეშე ფორმატში დასრულების შემდეგ დეპუტატები შვებულებაში გავლენ. საშემოდგომო სესია კი, რეგლამენტის გათვალისწინებით, სექტემბრის პირველ სამშაბათს გაიხსნება.