პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გერმანიის ელჩს მოუსმენენ
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ახალ ინიციატივას ნერგავს, რომლის ფარგლებშიც, კომიტეტში უცხო ქვეყნის ელჩების მოსმენა გაიმართება. მოსმენების დროს ელჩები საკუთარ ქვეყნებსა და საქართველოს შორის ურთიერთობებსა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრებენ.
ახალი ინიციატივის ფარგლებში, დღეს პირველი მოსმენა გაიმართება. პარლამენტში საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰუბერტ ქნირშს ელოდებიან. ივნისის თვეში ასევე დაგეგმილია იაპონიის ელჩის მოსმენაც.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, გერმანიის ელჩის მოხსენების შედეგ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება. მისივე განმარტებით, საქართველო-გერმანიის ურთიერთობების გარდა, აქცენტირებული იქნება ნატო-სა და ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობების საკითხი და ამ გზაზე გერმანიის როლი.
„საპარლამენტო სესიებისას რეგულარულად მოვიწვევთ ხოლმე უცხო ქვეყნების ელჩებს თავიანთი საგარეო პოლიტიკის მოსმენაზე. ასეთი სხდომები სავარაუდოდ გაიმართება ხოლმე თვეში ერთხელ. ელჩს ექნება დაახლოებით ნახევარსაათიანი მოხსენება და შემდეგ, მისი მოხსენებიდან გამომდინარე, იქნება კითხვები როგორც საქართველო-გერმანიის ურთიერთობებზე, ასევე საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირთან ურთიერთობებზე და ამ გზაზე გერმანიის როლზე. ასევე, იქნება ორმხრივი პროექტების შეფასების შესახებ კითხვები. ველოდები, რომ იქნება ძალიან აქტიური და საინტერესო დისკუსია გერმანიის ელჩთან“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.