პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში ეროვნული ბაკის პრეზიდენტს მოუსმენენ
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დღეს ეროვნული ბაკის პრეზიდენტს ელოდებიან. კობა გვენეტაძე „2021-2023 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ პროექტს წარადგენს.
კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განმარტებით, პანდემიის პერიოდში შეიცვალა ეკონომიკური რეალობა და 2021 წლის ბიუჯეტის მაკროეკონომიკური პარამეტრებიც. აქედან გამომდინარე, ირაკლი კოვზანაძის თქმით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან მმართველი პარტიის დეპუტატებს კითხვები ინფლაციის მაჩვენებელთან, ლარის კურსთან, ეროვნული ბანკის რეზერვებთან და მოსახლეობის დანაზოგებთან დაკავშირებით ექნებათ.
„ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ბატონი გვენეტაძე წარმოადგენს ფულად-საკრედიტო პოლიტიკას 2021-2023 წლებისთვის. სამი თვეა გასული, რაც დოკუმენტი პარლამენტში შემოვიდა. ბუნებრივია, რეალობა შეიცვალა, პანდემიამ შეცვალა დღის წესრიგი და მათ შორის, ეკონომიკური რეალობა საქართველოშიც. პარლამენტში შემოსულია ახალი ბიუჯეტი, რომელშიც პრაქტიკულად შეიცვალა მაკროეკონომიკური პარამეტრები მომავალი წლისთვის. აქედან გამომდინარე, გვექნება კითხვები ბატონი გვენეტაძის მიმართ, როგორ უყურებს ის ინფლაციის მაჩვენებელს სამპროცენტიანი მიზნობრივი მიმართულებით. ასევე, გვექნება კითხვები საბანკო ზედამხედველობასთან, ლარის კურსთან, ეროვნული ბანკის რეზერვებთან დაკავშირებით, ასევე მოსახლეობის დანაზოგებთან დაკავშირებით, სხვადასხვა მიმართულებით, რაც ჩვეულებრივ საბანკო ცხოვრებას ეხება. ვფიქრობ, იქნება საინტერესო განხილვა და ველოდებით ადეკვატურ პასუხებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისგან“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.