პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მოუსმენენ
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მოუსმენენ

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მოუსმენენ. კობა გვენეტაძე ფულადი საკრედიტო პოლიტიკის შესახებ ანგარიშს წარადგენს. კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, დოკუმენტში დასახელებული იქნება ის ინსტრუმენტები, რომლითაც სებ-მა ფასების სტაბილურობა 2019-2020 წლებში უნდა უზრუნველყოს.

ასევე კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ეროვნულ ბანკს ინფლაცია 3 პროცენტის ფარგლებში აქვს დაგეგმილი.

ირაკლი კოვზანაძე დეპუტატებისთვის საინტერესო კითხვებზე სებ-ის თავმჯდომარისგან ადეკვატურ პასუხებს ელოდება.

„ვიხილავთ ეროვნული ბანკის ფულად საკრედიტო პოლიტიკას. ეს არის მთავარი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც მომავალ წელს შენარჩუნებული იქნება ფასების სტაბილურობა. რა ინსტრუმენტებს გამოიყენებს ეროვნული ბანკი ფასების სტაბილურობის შენარჩუნებისთვის? გვპირდებიან, რომ მომავალ წელს ინფლაცია იქნება სამი პროცენტის ფარგლებში და აქედან გამომდინარე დახასიათებული იქნება ის ინსტრუმენტები, რაც საჭირო იქნება ინფლაციის სამი პროცენტის ფარგლებში შესანარჩუნებლად. ოპერაციები ღია ბაზარზე მათ შორის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, სტერილიზაციის ღონისძიებები და სხვა ამ მიმართულებით, ამის პრეზენტაციას ეროვნული ბანკი აკეთებს. იქნება კითხვები ლარის კურსთან დაკავშირებით, იქნება ის კითხვები, რომელიც დღეს აწუხებთ და აინტერესებთ დეპუტატებს – იგივე ვალების ჩამოწერასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, მივიღებთ ადეკვატურ პასუხებს. ბატონ კობა გვენეტაძესთან კითხვები ექნება როგორც ოპოზიციას, ისე უმრავლესობას“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.